იკორთა
(პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. (თბილისი, 1990), გვ. 40–42)
იკორთა მდებარეობს გორიდან ჩრდილოეთით, ოციოდე კილომეტრზე. მდინარე მეჯუდაზე გადასვლის შემდეგ აღმართს ვიწრო ხეობაში შევყავართ. აქ მაღლა, ერთ-ერთ შევაკებაზე, ამაყად დგას მწვანე მთებით დამშვენებული იკორთის ტაძარი. მონასტერი, ვახუშტის ცნობით საარქიმანდრიტოს წარმოადგენდა. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთან შეერთების შემდეგ, ბევრი მონასტერი გაუქმდა. 1811 წელს იკორთის სამონასტროც სოფლის რიგით ეკლესიად იქცა.
XII საუკუნეში ნაგები მონასტრისათვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა. სამწუხაროდ ამ ნაგებობის კვალიც კი არსად ჩანს.
ამჟამად ძეგლის ირგვლივ მხოლოდ გვიანდელი ნაგებობების ნანგრევებია დარჩენილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მონასტერი და საერთოდ ეს მხარე, გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ ეს პუნქტი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის ირგვლივ გალავანი შემოუვლიათ, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონდა საკმაოდ რთულ ციტადელს. გალავნისაგან არაფერი დარჩენილა, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევებიღაა. ციტადელი კი ძლიერაა დაზიანებული.
იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებელობაზე ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა. ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს. სამწუხაროდ, დღემდე ამ წარწერებსაც არ მოუღწევიათ. მათი ამოკითხვა შეძლეს მხოლოდ XIXსაუკუნეში, ისიც ნაწილობრივ.
ეკლესიის კედლებზე რამდენიმე წარწერა ყოფილა, მათგან თარიღის შემცველი - დასავლეთის ფასადის მარჯვენა ნაწილში, კარიბჭის მიდამოებში. ამჟამად ამ წარწერიდან მხოლოდ რამდენიმე ასოს გარჩევა ძლივს ხერხდება.
მარი ბროსეს ეს წარწერა გადმოუწერია:
’’ქ. სამებაო, ერთობაო, ადიდენ ორთავე შინა ცხოვრებათა ე გ დ ნ, სუ... და ბეშქენ... ბჭესა ვრდა ჰერისთავსა ესტატეს მხლ... თ. და ლოცვა ჰყავთ, ქკს ტჟბ.’’
ეს წარწერა მარი ბროსეს უნახავს 1848 წელს.
მეორე, ქტიტორთა სახელების შემცველი წარწერა კარგადაა შენახული. იგი მოტავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე მდებარე დეკორატიული ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვეშ:
’’ძელო ცხოველო, შეიწყალენ სულითა ერისთავთ-ერისთავი ვარდანი, არსენი, ჭიაბერი (?), ბასილი და თლსგგა (თვალისგუგა?).’’
ხსენებულ პირველ წარწერაში ქორონიკონია ’’ტჟბ’’, რაც 1172 წელს უდრის (392+780=1172).
სამწუხაროდ (რადგანნ წარწერა მთლიანად არ იკითხება და სახელების გაშიფრვა მხოლოდ სავარაუდოა) მეორე წარწერაში მოხსენიებული პირების ვინაობის დადგენა არ ხერხდება. თითქოს, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, კერძოდ, სახელი ვარდანი. მაგრამ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ პირთა სახელებს შორის, იმ ხანაში, ისიც ქართლის შუაგულში, არც ვარდანი და არც არსენი არ გვხვდება. ჭიაბერი კი, მართლაც იმ ხანის მოღვაწეა, გიორგი III (1156-1184) აღზრდილი, მისი მეფობის დროს მეჯინიბეთუხუცესი ყოფილა. თამარმა კი მას მანდატურთუხუცესის სახელი უბოძა.
ბროსეს გამოქვეყნებული აქვს დასავლეთის ფასადზე, კარიბჭის ტავზე მოტავსებული ოთხსტრიქონიანი ვრცელი წარწერა, სამწუხაროდ წლების განმავლობაში ქვა გამოფიტულა და მხოლოდ ქვედა ორი სტრიქონის მარცხენა ნახევარი შემორჩენილა. ბროსე წარწერას ასე კითხულობს:
’’ქ. მაიდგი ქმნული ელთა შენთა, მეუფეო. რომელმაც ბესელიელსა ასწავე სიბრძნით ქმნასა ვერცლისა და კვალად გაწმენდილსა. არქიპოსს თ თ ბგ (ძანე) გებატაძრისა. მეცა უღისრსი პერებელ შეიწყალე.’’
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვეშ კიდევ ერთი წარწერაა. ეს წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით განსხვავდება იკორთის დანარჩენი წარწერისაგან. თანაც იგი შემთხვევით ადგილზეა, ფანჯრის მომჩარჩოებელ ლილვის ქვედა შვერილზე. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს წარწერა გვიანი უნდა იყოს. წარწერა შეიძლება ასე წავიკითხოთ:
’’ ქრისტე შეიწყალე ეგნატე სულით, ამინ’’.
ტაძრის შემოდგომი ისტორიისათვის საინტერესო ცნობას გვაწვდის ’’ძეგლი ერისთავთას’’ ავტორი: ’’მაშინ მოშლილიყო დიდი იგი საყდარი იკორთას, მტავარანგელოზისა მიქელისა და იწყეს შენებად’’.
ტაძრის ’’მოშლის’’ მიზეზს ავტორი არ იტყობინება, ხოლო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებია იოანე ქსნის ერისთავს. მატიანეში ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, მაგრამ ეტყობა, რომ ეს მოხდა XIV საუკუნის მესამე მეოთხედში. ისტორიკოსის ცნობაში არც ისაა მითითებული, თუ რა და როგორ აღადგინეს, მაგრამ ძეგლის შესწავლისას ჩანს, რომ მაშინდელი შეკეთება არ უნდა ყოფილიყო დიდი მასშტაბისა.
ტაძრის შესახებ უფრო გვიანდელ ცნობას ისევ ძეგლის კედლის წარწერა გვაწვდის.
ეკლესიის დასავლეთის კარიბჭე მოშლილია. პორტალის თავზე მდებარე დიდ ქვაზე ვრცელი წარწერა მოუთავსებიათ. შემდგომში აქ აგებულ კარიბჭეს წარწერა ნაწილობრივ დაუფარავს.
’’ ..ა: შე...
--------------------------როდამ დიდ...
---------------------------ცოლყოფილმან მან...
--------------------------თის თავმან იესე ვიგულის მო...
ღვთაებისაგან ეს მტავარანგელოზის...
ხელ ახლად ხელ-ვყავით, ვითაც დიმ...
ოთხი სამხრო გავაკეთეთ, შიგნით სახლები...
ერებოდა სამრეკლო საძირკვლით გავასრულეთ...
თა აღვაშენეთ, სულისა ჩვენისა საოხად ძეთა ჩვენთა სასულიარ...
ეგრძელოდ, შეიწირეთ წმინდანო მთავარანგელოზნო, მერე ესე მსახურე...
ოხ გვეყვენით, დღესა მას დიდსა განკითხვასა.
ამასვე ქკსა ტ შინაოზ მეფის:’’
როგორც ბროსე აღნიშნავს, ახალი მშენებლობა მეფე შაჰ-ნავაზის (1658-1675) დროს, 1672 წელს (360+1312) დაწყებულა.
წარწერის მიხედვით იესე ქსნის ერისთავს საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაუტარებია. როგორც ირკვევა, მისი ხელი ტაძარსაც შეხებია და სამონასტრო ნაგებობებითაც გაუმდიდრებია ანსამბლი.
ამ ნაგებობებიდან დღემდე არც ერთს არ მოუღწევია, სამრეკლო 1739 წელს დაუქცევია საერისთავოში შემოსულ მტრის ჯარს. ტაძრის გალავანიც დაქცეული ყოფილა XVIII საუკუნის ბოლოს. ამის შესახებ მეფე გიორგი XII 1800 წელს წერს თავის ვაჟს იოანეს: ’’წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ ეკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო... გალავანიც დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგანაც მათი სალოცავი არის’’. თუ რა გაკეთდა ამ ბრძანების შედეგად უცნობია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იკორთა უკანასკნელ საუკუნეებში ქსნის ერისთავთა საძვალეს წარმოადგენდა. სწორედ იქ არიან დამარხულნი ელიზბარ და შალვა ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი. ცნობილია, რომ კახეთის 1659 წლის აჯანყების მეთაურები ორი წლის შემდეგ, წამებით მოკლეს ირანში. საკმაო ხნის გასვლის შემდეგ მათი ნეშტი მალულად გადმოიტანეს და იკორთის ტაძარში დაკრძალეს. მათ სამარხებს ადგილობრივნი მიუთითებენ ტაძრის შიგნით სამხრეთის მკლავის არეში. არც ერთ მათანს წარწერა არა აქვს.
No comments:
Post a Comment