26.4.11

საორბისის წმ. გიორგის ეკლესია

(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 110–111)

ტაძარი დგას სოფელ ფიცესის (გორის რაიონი) სამხრეთ გარეუბანში, მდ. თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით გარეუბანში, მდინარის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. 1962 წელს სპეციალურმა სამეცნიერო–სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და შეაკეთა ფასადები [ტაძარი ამჟამად ძლიერაა დაზიანებული]. ტაძარი აგებულია 1152 წელს.

ეკლესია დარბაზულია (17 X 12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკვეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს.


შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემოჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთესადაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მოხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი.

25.4.11

ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 49–50)

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დგას სოფელ ბობნევის (გორის რაიონი) განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-83 წლებში. სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი დაზიანებული წარწერებით ირკვევა, რომ ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).


ეკლესია დარბაზულია (7,9X5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სარკმლის ქვეშ დგას ტრაპეზის ქვა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.


ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კამარის ცენტრში ექვსფრთედებსა და წინასწარმეტყველთა შორის გამოსახულია ქრისტე-პანტოკრატორი. საკურთხევლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. პირველ რეგისტრში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში - მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამანი. სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა. მხატვრობა დასრულებულია ორნამენტული ზოლით (დაშვებული ფარდა).


10.4.11

ბაგრატის ტაძარი

(ტექსტი: ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1974)

ბაგრატის ტაძარს ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების მთელ ქართულ ხელოვნებაში. იატაკის დაგების თარიღი – 1003 წელი, რომელსაც ჩრდილოეთის სარკმლის წარწერა გვაუწყებს - გულისხმობს, რომ მშენებლობა X ს–ის ბოლოს მაინც უკვე უნდა ყოფილიყო დაწყებული. XVII ს–ის 90-იან წლებამდე ტაძარი უვნებლად იდგა. შიგნით მისი კედლები მოზაიკით იყო შემკული. 1691 წელს იგი ააფეთქეს შემოსეულმა თურქებმა. შენობა ზიანდებოდა XIX ს–ის მანძილზედაც - მის ქვებს ეზიდებოდნენ საშენ მასალად. XIX ს–ის ოცდაათიანი წლების ჩანახატებისა და სურათის მიხედვით, დასავლეთის კარიბჭე ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, შემდეგ კი ისიც ნანგრევებად იქცა.

"ოდეს განიმტკიცნა იატაკი, ქრონიკონი იყო 223“, გვაუწყებს წარწერა ჩრდილოეთის დიდ სარკმელთან. თუ ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის (თარიღი აღნიშნულია არაბული ციფრებით - ეს საქართველოში შემონახული უძველესი არაბული ციფრებია). მემატიანე მოგვითხრობს, რომ ტაძრის კურთხევა დიდი ზეიმით მოეწყო - მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა წარმომადგენლები: ქვეყანა მაშინ თითქმის მთლიანად გაერთიანებული იყო ბაგრატ III–ის ხელში. ამ ზეიმით ბაგრატმა თითქოს საგანგებოდ გამოაჩინა, რომ საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში ახლად აგებულ საეპისკოპოსო ტაძარს ზოგადეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა.

9.4.11

ქოროღოს ეკლესია


შარშან ნოემბერში 5 კაცი კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ხადას ხეობას. ციოდა და ამიტომაც ესმას დაცარიელებულ, დათაგვიანებულ სახლში დავბანაკდით. საღამოს დიტომ არყის ყანწები ამოიღო და... :)

მეორე დღეს ერთი კაცი გაგვექცა, კიდევ 2 დღე არაყში ვერ გავძლებო...

დილას ქოროღოსკენ მიმავალ ბილიკს შევუყევით. მალევე გამოჩნდა მთის წვერზე ქოროღოს კომპლექსი და ''პატარა'' სიახლეც... მეწყერი...


ადგილობრივებთან საუბრისას გაირკვა, რომ 2 წლის წინ მომხდარა ეს ამბავი. ამ ეტაპზე ძეგლს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მომავალში ალბათ ეს პრობლემა იქნება.

კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღმრთისმშობლის ეკლესია, მცირე სამლოცველო, ზურგიანი კოშკი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა.

მთავარი ტაძარი დაკეტილია, მხოლოდ აგვისტოში მარიამობას აღებენ ხოლმე. დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის ეკლესია X-XI საუკუნეებით თარიღდება.

ყურადსაღებია ტაძრის დასავლეთი ფასადის ლავგარდნის შემკულობა. აქ მთელს კარნიზზე ფიგურატიული გამოსახულებებია. ცენტრში ნიშიანი ღვთისმშობელია გამოსახული, მის მარცხნივ ეკლესიის მოდელით ხელში ქტიტორი, რომელსაც მოსდევს საინტერესო სცენა: ტაძრის კურთხევა. დანარჩენი გამოსახულებები კი მაშენებლებს ეკუთვნის, ზოგი ხარებით სამშენებლო ტვირთს ეზიდება, ზოგიერთს ზურგით ქვის ლოდები მიაქვს, ზოგი დუღაბს ამზადებს... ყველა საქმითაა გართული, ტაძარს აშენებენ :)

მეორე მნიშვნელოვანი რელიეფი ტაძრის სამხრეთით, კოშკისა და ეკლესიის დამაკავშირებელი კედლის წყობაშია ამოყირავებულად ჩართული. აქ მთელი ოჯახია გამოსახული, წინ კი ეკლესიის გეგმაა. მსგავსი გამოსახულება (დღეს არსებული მასალით თუ ვიმსჯელებთ) ერთადერთია შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში; როგორც წესი, საერო პირებს ტაძრის მოდელი უჭირავთ ხოლმე ხელში, აქ კი ქტიტორთა წინ დარბაზული ეკლესიის გეგმაა წარმოდგენილი. ეს ქვა, როგორც ირკვევა კაპიტელია, იქვეა კედლის წყობაში ჩართული ბურჯიც...

მიყვარს ქოროღო :)


პ.ს. მესამე დღეს მე თბილისში დავბრუნდი, ბიჭები მილიონას უღელტეხილზე გადავიდნენ, გზა აებნათ, დაიმტვრნენ და ძლივს ჩამობობღდნენ თბილისში :)