22.8.08

თირის მონასტერი
(ტექსტი: ნ. ანდღულაძე, თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976; ნ. ანდღულაძე, თირის მონასტერი, ძეგლის მეგობარი, #22, თბ., 1970.)



თირის მონასტერი ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. ცხინვალიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, მისგან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდებარეობს. ამჟამად სოფელს ქვემო მონასტერი ქვია. მთავარი სამანქანო გზა სოფელ აჩაბეთიდან პირდაპირ ადგება ძეგლს. ძეგლთან სოფელ ქურთადანაც შეიძლება მისვლა; აქედან მანძილი რამდენადმე მოკლდება, მაგრამ ძლიერ დაკიდული აღმართია ასავლელი.


ძეგლი წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ ანსამბლს, რომელშიაც შემდეგი ნაგებობებია გაერთიანებული:
1. ღვთისმშობლის ეკლესია სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით.
2. სამრეკლო.
3. სატრაპეზო.
4. კლდეში ნაკვეთი სენაკები.
5. ნანგრევების სახით მოღწეული ორიოდე ნაგებობა.
6. გალავანი.


ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ სამონასტრო კომპლექსი ერთდროულად არ შემნილა. თირში დღემდე მოღწეულ შენობათაგან ღვთისმშობლის ეკლესიაა უძველესი. იგი XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ეკლესიის დროისა ჩანს აგრეთვე სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და მასთან მდებარე გალავნის კედელი. სამრეკლო და სამხრეთის მინაშენი კარიბჭითურთ ეკუთვნის XIV-XV საუკუნეთა მშენებლობას. ამავე პერიოდს მიეკუთვნება დღევანდელი გალავნის ზოგფიერთი მონაკვეთი და ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობაც. დასასრულ, ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენი, წარწერის მიხედვით, XVII საუკუნის 80-იან წლებშია აგებული.


თირის მონასტრის ღვთჳსმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენი წარმოადგენდა თაქთაქიძეთა საგვარეულო საძვალეს, რომელიც XVII საუკუნის 80-იან წლებში მიუშენებიათ რუისის მთავარეპისკოპოსს ფილიპე თაქთაქიძეს და მის ძმებს არდაშელსა და ელიზბარს და უკურთხებიათ წმინდა ნიკოლოზის სახელობაზე.



რაც შეეხება ტაძრის სახელწოდებას. ამასთან დაკავშირებით პროფ. ი. მეგრელიძე აღნიშნავს, რომ ’’ ამ მონასტერს თირის იმიტომ ჰქვია, რომ აშენებულია ყვითელთირიან (რბილი ქვის) ადგილზე. ’’ სულხან საბას მიხედვით: ’’თირ-ი ნაცრისფერი რბილი ქვა; ითლება, ცეცხლზე არა სკდება - რბილი კლდე, მჭადაქვა.




ძალზედ საინტერესოა თირის ეკლესიაში კანკელის წინ მდებარე საფლავის ქვაში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი ეპიტაფია. როგორც წარწერის შინაარსიდან ვგებულობთ ვახტანგ VI ’’რაოდენთამე წელთა’’ ყოფილა ’’სამკვდროსა მამულსა... სოფელსა ამას’’, ე.ი. სოფელ თირში; აქ გარდაცვლია მას პირმშო ბატონიშვილი როსტომი (როგორც ჩანს მცირეწლოვანი) და იგი ღვთისმშობლის ეკლესიაში დაუსაფლავებიათ.


თავდაპირველად სამხრეთი ფასადი ამგვარად გამოიყურებოდა.



ხოლო XV საუკუნეში მიშენებული კარიბჭის შემდგომ ასეთი სახე უნდა მიეღო. ამჟამად ეს პორტალი დანგრეულია, თუმცა ნ. ანდღულაძე გვთავაზობს პორტალის ამ სახით რეკონსტრუქციას.

ნ. ანდღულაძე ასევე გვთავაზობს თავდაპირველი კანკელის რეკონსტრუქციასაც. ძეგლის თანადროული კანკელი მოგვიანო ხანაში ხელმეორედაა აწყობილი, უსისტემოდ. აღდგენისას ის ეყრდნობა იმ კანკელებს, რომლებსაც დროისა და სტილის თვალსაზრისით ემსგავსება ჩვენი კანკელი.

თირის კანკელის შემადგენელ ელემენტთა თანაფარდობის შემოწმების შედეგად ნ. ანდღულაძე ასკვნის, რომ თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ხუთმალიან თაღედს ცენტრში თავიდან ბოლომდე გახსნილი აღსავლის კარით, საიდანაც შეიძლებოდა საკურთხეველში მოხვედრა. კანკელის კედელს ქმნის ოთხი ფილა, რომელთა წინაპირი მთლიანად შევსებულია ორნამენტით, ხოლო კიდეებთან ორმაგი გრეხილი ლილვი ევლება. ფილებს შორის, როგორც ამას XII-XIVსაუკუნეთა კანკელის აგებულება გვიჩვენებს, მოთავსებული იქნებოდა თავ-ბოლო სამკაულიანი ნახევარსვეტები.

No comments: