11.5.08

გორის ციხე
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 37-38)

გორის ციხე დგას ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე. სიმაგრის დასავლეთი ბოლო მონაკვეთი გრძელდებოდა დღეისათვის მისგან ასეული მეტრით დაშორებული მდინარეების მეჯუდისა და ლიახვის შესართავამდე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. აღ-ით Iათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. ციხის მიწისზედა მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, ნაწილი - XVII საუკუნის შუა ხანებს.

გორის ციხე პირველად მოხსენიებულია VII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით (ჯუანშერი, XIს.) გადმოცემის თანახმად, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს ’’ტონთიო’’ - ’’ოქროს მთა’’ ეწოდებოდა. ქალაქის სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ეს ძველი ციხე-სიმაგრე.

გორის ციხე აგრეთვე ნახსენებია გვიანდელი ფეოდალური ხანის მრავალ წყაროშიც. ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
გორის ციხე შედგება 2 დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა და დასავლეთით, ფერდობზე ნაგები ’’ცხრაკარასაგან’’. ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირიტადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წლებში, როსტომ მეფის მიერ. დრევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801წ.) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას- აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. 1920 წლის მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები.
ციხის ეკლესია XI-XIIსაუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთი კედელი. 1956 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ (ავტორი ა. გოგელია) ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი შიგნით და გარეთ სწორკუთხა თლილი ქვით მოაპირკეთა.
ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარეთ სწორკუთხაა, შიგნიდან -თაღოვანი. ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთ გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 54)

დიდი გარდატენის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. დაზიანებულია შენობის სახურავი, შემორჩენილია ქვის ლორფინების ფრაგმენტები. სამხრეთით შესასვლელია კარია გაჭრილი, რომელსაც შიფნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან არქიტრავული გადახურვა აქვს. ინტერიერის მოხატულობისაგან შემორჩენილია მხოლოდ ფერადი ლაქები. ჩრდილოეთ კედელზე შინდისფერი მელნით შესრულებული წარწერის კვალი ჩანს, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნეს შეიძლება მიეკუთვნოს. ნაგებობას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი გლუვი ლავგარდანი აქვს.


აღმოსავლეთის სარკმლის სათაურზე გამოსახულია მარტივი ტოლმკლავა ჯვარი, მის ორივე მხარეს - თითო ფრინველი.

სარკმლის ზემოთ, კარნიზთან ახლოს სწორკუთხა ფილაზე, რამდენიმე სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოცემული.


didi gardateni

ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 49-50)
ეკლესია დგას სოფელ ბობნევის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-83 წლებში. ტაძრის სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი დაზიანებული წარწერებით ირკვევა, რომე ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. შესასვლელის ზემოთ მხედრული წარწერიანი ფილაა განთავსებული. ამ ფილის მეორე ნახევარი დაკარგულია. ფილაზე იკითხება:
შეწევნითა:. ღთ.....
ლესი:. ესე :. მე:. ტფ....
სმან:. იოსებ:. საა....
იდა:. იოანე:. მახარებ....
საოხად:. სულისა....
ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კონქში გამოსახულია ცენტრში აღსაყდრებული ჩვილედი ღვთისმშობელი, მის მარჯვნივ მთავარანგელოზი, ხოლო მარცხნივ იოანე მახარებელი. კომპოზიციის იკონოგრაფია ნაკარნახევია ეკლესიის სახელობიდან გამომდინარე. ქვედა რეგისტრში მოციქულთა ზიარებაა გამოსახული, მესამე რეგისტრში კი ეკლესიის მამათა რიგია წარმოდგენილი. სარკმლის ზვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა.
სამხრეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა; მეორე რეგისტრში - მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე, მიძინება, ფერისცვალება: მესამე რეგისტრში მარტვილთა ბიუსტებია მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში გამოსახულია სამნი ჭაბუკნი სახმილსა შინა, მოსე სინას მთაზე.
სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში იოსებ თბილელის გამოსახულებაა (აქვეა ეკლესიის მოხატვის თარიღისა და ქტიტორის ვინაობის შემცველი წარწერის ფრაგმენტები).
დასავლეთ კედელზე პირველ რეგისტრში გამოსახულია ხარება, მეორეში წმინდა დედანი, მათ შორის, ცენტრში კონსტანტინე და ელენეა ჯვრით ხელში. მომდევნო ორი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს.
ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასაკვეთისკენ: პირველ რეგისტრში _ საულთმოფენობა, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; მეორე რეგისტრში ნათლისღება, შობა, მირქმა; მესამე რეგისტრში - იოანე ნათლისმცემელი, მისი თავის კვეთა; მეოთხე რეგისტრში - ორმოცი სებასტიელი მოწამე და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები.
bobnevi
ქვახვრელი
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.



ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.
სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.
უფლისციხე

(ტექსტი აღებულია წიგნებიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. თბ., 1990, გვ. 91-108; თ. სანიკიძე, უფლისციხე, თბ., 1987.)

უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 20კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და





უფლისწულის ეკლესია თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეს ტაძარი აშენებულია ძველი წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთ ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთი, სამხრეთ ფასადის კლდის ცოკოლი და მის აღმოსავლეთ ბოლოში, შესასვლელთან გაცვეთილი იატაკი, აგრეთვე, წარმართული დროის შესასვლელი აღმოსავლეთი ფასადის ცენტრში, სადაც ახლა კლდეში ჩაღრმავებული ადგილი ქვის ცოკოლით მოსწორებულია და გამოყენებულია ეკლესიის ფუძედ.
ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა, ნაგებია აგურით. შენობა მრავალჯერაა გადაკეთებული. XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება სარკმელი და მისი ქვის ჩარჩოს ორნამენტიანი ფრაგმენტი, პროფილირებული ლავგარდნის ქვები და მწვანე ქვის კანკელის ნატეხები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ეკლესიის ქვემოთ, ფერდობზე და XVII საუკუნის სახლის კედლის წყობაში. შენობა შემგეგშიც რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. XVIII საუკუნეში სამხრეთი შესასვლელის თავზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი მცირე გუმბათოვანი სამრეკლო.
ეკლესიის იატაზე მოგებულია XVIII საუკუნის აგური. აგურისავეა სოლეას საფეხური აღსავლის კარის წინ.




4.5.08

ღვთჳსმშობლის ეკლესია სოფელ კოშკებში
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 77-78)


ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ კოშკების განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე მდებარეობს. ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. 1920 წლის მიწისძვრის შედეგად ეკლესია თითქმის მთლიანად დაინგრა. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდონიბილი ცილინდრული კამარით.
ეკლესიას სამხრეთით მიშენებული აქვს ეკვდერი. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეკვდერი, კარიბჭე და სამრეკლო (არაა შემორჩენილი) 1708 წელს აუშენებლია ედიშერ შალიკაშვილს.

ეკვდერი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი და კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია.

ეკვდერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიბჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.

ეკლესიაში შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში ტაღოვანი კარი ჰქონდა.


shalikasvilebis eklesia , sofeli koshkebi