* სოფელი ბრეთი *
(ტექსტი აღებულია: სიკძა, ტ.5 (თბილისი, 1990), გვ. 360–361)
სოფელი ბრეთი მდებარეობს ქარელის რაიონში, მდ. აღმოსავლეთი ფრონის მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 9 კილომეტრზე.
ბრეთის ტერიტორია ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა ბრეთის ხევი.
ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ–ერთი 13 ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ–საგანმანათლებლო , მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვ.
ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, როგორც საკუთრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურული დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფ. ბრეთი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII სს.) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XV სს–ის მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI სს–ში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა–მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII-XVIII სს–ის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფით ბრეთი ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახორები სარდლობდნენ.
*მამა პიროსის და წმ. გიორგის ეკლესიები*