22.8.08

თირის მონასტერი
(ტექსტი: ნ. ანდღულაძე, თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976; ნ. ანდღულაძე, თირის მონასტერი, ძეგლის მეგობარი, #22, თბ., 1970.)



თირის მონასტერი ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. ცხინვალიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, მისგან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდებარეობს. ამჟამად სოფელს ქვემო მონასტერი ქვია. მთავარი სამანქანო გზა სოფელ აჩაბეთიდან პირდაპირ ადგება ძეგლს. ძეგლთან სოფელ ქურთადანაც შეიძლება მისვლა; აქედან მანძილი რამდენადმე მოკლდება, მაგრამ ძლიერ დაკიდული აღმართია ასავლელი.


ძეგლი წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ ანსამბლს, რომელშიაც შემდეგი ნაგებობებია გაერთიანებული:
1. ღვთისმშობლის ეკლესია სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით.
2. სამრეკლო.
3. სატრაპეზო.
4. კლდეში ნაკვეთი სენაკები.
5. ნანგრევების სახით მოღწეული ორიოდე ნაგებობა.
6. გალავანი.


ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ სამონასტრო კომპლექსი ერთდროულად არ შემნილა. თირში დღემდე მოღწეულ შენობათაგან ღვთისმშობლის ეკლესიაა უძველესი. იგი XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ეკლესიის დროისა ჩანს აგრეთვე სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და მასთან მდებარე გალავნის კედელი. სამრეკლო და სამხრეთის მინაშენი კარიბჭითურთ ეკუთვნის XIV-XV საუკუნეთა მშენებლობას. ამავე პერიოდს მიეკუთვნება დღევანდელი გალავნის ზოგფიერთი მონაკვეთი და ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობაც. დასასრულ, ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენი, წარწერის მიხედვით, XVII საუკუნის 80-იან წლებშია აგებული.

21.8.08

ერედვის წმინდა გიორგის 906 წლის ეკლესია

(ტექსტი: რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრეული ძეგლი)








სოფელი ერედვი მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, ქ. ცხინვალიდან 7 კმ მანძილზე მდებარეობს. ამ სოფლის შუაგულში, ხეობის გასწვრივ მიმავალი გზის მარჯვნივ, ამართულია მაღალი ბურჯებით შემაგრებული და კოშკების შემცველი ციხე-გალავანი. გალავნის შიგნით იმყოფება ტაძარი, რომელიც ამ ყრუ კედლებიდან მცირედ მოჩანს. გალავანში მთავარი ტაძრის გარდა დაცულია დარბაზული მცირე ეკლესიის ნაშთები. ეს ძეგლი მთავარი ტაძრის სამხრეთით სულ ერთნახევარი მეტრის მანძილზე იმყოფება.




მთავარი ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ მოზრდილ ეკლესიას, გარშემოსავლელით. გარშემოსავლელი უვლის ეკლესიას არა სამი მხრიდან, როგორც ეს ჩვეულებრივ სამეკლესიიანი ბაზილიკებისთვისაა მიღებული, არამედ ოთხსავე მხარეს, ე.ი. აღმოსავლეთის ჩართვითაც.




ერედვის 906 წლით დათარიღებული ძეგლის შესწავლისას საქმე გვაქვს იმ ეპოქასთან, როდესაც არაბთა ბატონობისაგან დაქუცმაცებული საქართველოს თანდათანობითი აღდგენა იწყება.
ძეგლმა დროთა მანძილზე რამდენიმე შეკეთება განიცადა. ეს შეკეთება მხოლოდ მის ზოგიერთ ნაწილს შეეხო. შესაძვებელი ხდება სამი პერიოდის დადგენა. მათგან უფრო საფუძვლიანმა გამოიწვია სამხრეთის ფასადის ქვედა კედლის და მთავარი შესასვლელის გადაკეთება.
სოფელი ერედვი
(ცხინვალის რაიონი)


სოფელ ერედვში მდებარეობს X საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ბერის საყდარი. ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. ეკლესია ნაგებია მუქი წითელი და ღვინისფერი, კარგად თლილი ქვით. წყობა სწორხაზოვანია.

სოფლის განაპირას დასავლეთით მდებარეობს XIV საუკუნის, წმინდა ელიას სახელობის, დარბაზული ეკლესია.

სოფლიდან აღმოსავლეთით 2 კმ. ’’საქსოფლტექნიკის’’ ბაზის ეზოში დგას ძლიერ დაზიანებული, განვიტარებული შუა საუკუნეების, წითელი საყდრის ეკლესია. შემორჩენილი ფრაგმენტებით ირკვევა, რომ იგი სამეკლესიიანი ბაზილიკა ყოფილა. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წითელი ტუფის პერანგის კვადრები.
ქალაქი ცხინვალი


როგორც ამბობენ ცხინვალი მთლიანად მიწასთანაა გასწორებული. იმ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, რომლებიც ქალაქში იდგა, ანდაც ქალაქის მიდამოებში რა ბედი ეწიათ ჯერ არ ვიცი.


(ტექსტი, სურათი და ნახაზი აღებულია წიგნიდან შიდა ქართლი (ცხინვალის რაიონი) 1981-1983 წლების ექსპედიციის მასალები, ტ.1, თბ., 2002.)


აქ, ქალაქის აღმოსავლეთით განაპირას განთავსებულია XVI-XVII საუკუნეებით დათარითებული, რიყის ქვითა და ქართული აგურით ნაშენი ამაღლების ეკლესია.



ქალაქის სასაფლაოზე მდებარეობს წმინდა გიორგის (ზღუდერი) სახელობის XVII საუკუნის ეკლესია . ტაძარის სამხრეთის შესასვლელის თავზე ექვსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა განთავსებული:
’’ჰოი, ახოვანო მოწაფეთა შორის მტავარ მოწამეო წმინდაო გიორგი (მწე და) მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვ(რებასა მადიდე)ბელსა დედოფალთ დედოფალსა ხელმწიფის დად(იანის დასა) მარიამს და ნაცვალ გვაგე მადლი დაფარვა შენ მიერი დღესა მას დიდისა გან(კით)ხვისასა, ამინ.’’
მეორე, სამსტრიქონიანი წარწერა განთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლიდან მარცხნივ:
’’წმინდაო, ღვაწლისა მძლეო, მოწამეთა შორის წარჩინებულო წმინდაო (გიორგი) ზღუდრი(საო მწე და) მფარველ ექმენ ტაძრისა შენისა და ზედა მდგომელსა მ(იქაელსა)... ძეს იოანეს ცოდვანი მის(ნი შეუნდვენ, ამინ).’’


ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო: ჯაფარიძის ქ #8ში მდებარე სამრეკლოს ქვედა სართული სამლოცველოდ გადაუკეთებიათ, ხოლო ეკლესია დაანგრიეს XX საუკუნის 60-იან წლებში . მის ადგილას ააშენეს საცხოვრებელი სახლი.


საბანოვის #4 დგას გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი.


ტელმანის ქ #85ში მდებარე კავთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. იგი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე, რომელიც შემდეგ შეულესიათ. ფასადების კუთხეები კარგად თლილი ქვითაა ამოყვანილი.
იკორთა

(პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. (თბილისი, 1990), გვ. 40–42)




იკორთა მდებარეობს გორიდან ჩრდილოეთით, ოციოდე კილომეტრზე. მდინარე მეჯუდაზე გადასვლის შემდეგ აღმართს ვიწრო ხეობაში შევყავართ. აქ მაღლა, ერთ-ერთ შევაკებაზე, ამაყად დგას მწვანე მთებით დამშვენებული იკორთის ტაძარი. მონასტერი, ვახუშტის ცნობით საარქიმანდრიტოს წარმოადგენდა. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთან შეერთების შემდეგ, ბევრი მონასტერი გაუქმდა. 1811 წელს იკორთის სამონასტროც სოფლის რიგით ეკლესიად იქცა.

XII საუკუნეში ნაგები მონასტრისათვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა. სამწუხაროდ ამ ნაგებობის კვალიც კი არსად ჩანს.

ამჟამად ძეგლის ირგვლივ მხოლოდ გვიანდელი ნაგებობების ნანგრევებია დარჩენილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მონასტერი და საერთოდ ეს მხარე, გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ ეს პუნქტი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის ირგვლივ გალავანი შემოუვლიათ, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონდა საკმაოდ რთულ ციტადელს. გალავნისაგან არაფერი დარჩენილა, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევებიღაა. ციტადელი კი ძლიერაა დაზიანებული.

იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებელობაზე ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა. ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს. სამწუხაროდ, დღემდე ამ წარწერებსაც არ მოუღწევიათ. მათი ამოკითხვა შეძლეს მხოლოდ XIXსაუკუნეში, ისიც ნაწილობრივ.