22.8.08

თირის მონასტერი
(ტექსტი: ნ. ანდღულაძე, თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976; ნ. ანდღულაძე, თირის მონასტერი, ძეგლის მეგობარი, #22, თბ., 1970.)



თირის მონასტერი ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. ცხინვალიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, მისგან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდებარეობს. ამჟამად სოფელს ქვემო მონასტერი ქვია. მთავარი სამანქანო გზა სოფელ აჩაბეთიდან პირდაპირ ადგება ძეგლს. ძეგლთან სოფელ ქურთადანაც შეიძლება მისვლა; აქედან მანძილი რამდენადმე მოკლდება, მაგრამ ძლიერ დაკიდული აღმართია ასავლელი.


ძეგლი წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ ანსამბლს, რომელშიაც შემდეგი ნაგებობებია გაერთიანებული:
1. ღვთისმშობლის ეკლესია სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით.
2. სამრეკლო.
3. სატრაპეზო.
4. კლდეში ნაკვეთი სენაკები.
5. ნანგრევების სახით მოღწეული ორიოდე ნაგებობა.
6. გალავანი.


ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ სამონასტრო კომპლექსი ერთდროულად არ შემნილა. თირში დღემდე მოღწეულ შენობათაგან ღვთისმშობლის ეკლესიაა უძველესი. იგი XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ეკლესიის დროისა ჩანს აგრეთვე სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და მასთან მდებარე გალავნის კედელი. სამრეკლო და სამხრეთის მინაშენი კარიბჭითურთ ეკუთვნის XIV-XV საუკუნეთა მშენებლობას. ამავე პერიოდს მიეკუთვნება დღევანდელი გალავნის ზოგფიერთი მონაკვეთი და ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობაც. დასასრულ, ეკლესიის ჩრდილოეთის მინაშენი, წარწერის მიხედვით, XVII საუკუნის 80-იან წლებშია აგებული.

21.8.08

ერედვის წმინდა გიორგის 906 წლის ეკლესია

(ტექსტი: რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრეული ძეგლი)








სოფელი ერედვი მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, ქ. ცხინვალიდან 7 კმ მანძილზე მდებარეობს. ამ სოფლის შუაგულში, ხეობის გასწვრივ მიმავალი გზის მარჯვნივ, ამართულია მაღალი ბურჯებით შემაგრებული და კოშკების შემცველი ციხე-გალავანი. გალავნის შიგნით იმყოფება ტაძარი, რომელიც ამ ყრუ კედლებიდან მცირედ მოჩანს. გალავანში მთავარი ტაძრის გარდა დაცულია დარბაზული მცირე ეკლესიის ნაშთები. ეს ძეგლი მთავარი ტაძრის სამხრეთით სულ ერთნახევარი მეტრის მანძილზე იმყოფება.




მთავარი ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ მოზრდილ ეკლესიას, გარშემოსავლელით. გარშემოსავლელი უვლის ეკლესიას არა სამი მხრიდან, როგორც ეს ჩვეულებრივ სამეკლესიიანი ბაზილიკებისთვისაა მიღებული, არამედ ოთხსავე მხარეს, ე.ი. აღმოსავლეთის ჩართვითაც.




ერედვის 906 წლით დათარიღებული ძეგლის შესწავლისას საქმე გვაქვს იმ ეპოქასთან, როდესაც არაბთა ბატონობისაგან დაქუცმაცებული საქართველოს თანდათანობითი აღდგენა იწყება.
ძეგლმა დროთა მანძილზე რამდენიმე შეკეთება განიცადა. ეს შეკეთება მხოლოდ მის ზოგიერთ ნაწილს შეეხო. შესაძვებელი ხდება სამი პერიოდის დადგენა. მათგან უფრო საფუძვლიანმა გამოიწვია სამხრეთის ფასადის ქვედა კედლის და მთავარი შესასვლელის გადაკეთება.
სოფელი ერედვი
(ცხინვალის რაიონი)


სოფელ ერედვში მდებარეობს X საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ბერის საყდარი. ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. ეკლესია ნაგებია მუქი წითელი და ღვინისფერი, კარგად თლილი ქვით. წყობა სწორხაზოვანია.

სოფლის განაპირას დასავლეთით მდებარეობს XIV საუკუნის, წმინდა ელიას სახელობის, დარბაზული ეკლესია.

სოფლიდან აღმოსავლეთით 2 კმ. ’’საქსოფლტექნიკის’’ ბაზის ეზოში დგას ძლიერ დაზიანებული, განვიტარებული შუა საუკუნეების, წითელი საყდრის ეკლესია. შემორჩენილი ფრაგმენტებით ირკვევა, რომ იგი სამეკლესიიანი ბაზილიკა ყოფილა. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წითელი ტუფის პერანგის კვადრები.
ქალაქი ცხინვალი


როგორც ამბობენ ცხინვალი მთლიანად მიწასთანაა გასწორებული. იმ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, რომლებიც ქალაქში იდგა, ანდაც ქალაქის მიდამოებში რა ბედი ეწიათ ჯერ არ ვიცი.


(ტექსტი, სურათი და ნახაზი აღებულია წიგნიდან შიდა ქართლი (ცხინვალის რაიონი) 1981-1983 წლების ექსპედიციის მასალები, ტ.1, თბ., 2002.)


აქ, ქალაქის აღმოსავლეთით განაპირას განთავსებულია XVI-XVII საუკუნეებით დათარითებული, რიყის ქვითა და ქართული აგურით ნაშენი ამაღლების ეკლესია.



ქალაქის სასაფლაოზე მდებარეობს წმინდა გიორგის (ზღუდერი) სახელობის XVII საუკუნის ეკლესია . ტაძარის სამხრეთის შესასვლელის თავზე ექვსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა განთავსებული:
’’ჰოი, ახოვანო მოწაფეთა შორის მტავარ მოწამეო წმინდაო გიორგი (მწე და) მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვ(რებასა მადიდე)ბელსა დედოფალთ დედოფალსა ხელმწიფის დად(იანის დასა) მარიამს და ნაცვალ გვაგე მადლი დაფარვა შენ მიერი დღესა მას დიდისა გან(კით)ხვისასა, ამინ.’’
მეორე, სამსტრიქონიანი წარწერა განთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლიდან მარცხნივ:
’’წმინდაო, ღვაწლისა მძლეო, მოწამეთა შორის წარჩინებულო წმინდაო (გიორგი) ზღუდრი(საო მწე და) მფარველ ექმენ ტაძრისა შენისა და ზედა მდგომელსა მ(იქაელსა)... ძეს იოანეს ცოდვანი მის(ნი შეუნდვენ, ამინ).’’


ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო: ჯაფარიძის ქ #8ში მდებარე სამრეკლოს ქვედა სართული სამლოცველოდ გადაუკეთებიათ, ხოლო ეკლესია დაანგრიეს XX საუკუნის 60-იან წლებში . მის ადგილას ააშენეს საცხოვრებელი სახლი.


საბანოვის #4 დგას გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი.


ტელმანის ქ #85ში მდებარე კავთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. იგი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე, რომელიც შემდეგ შეულესიათ. ფასადების კუთხეები კარგად თლილი ქვითაა ამოყვანილი.
იკორთა

(პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. (თბილისი, 1990), გვ. 40–42)




იკორთა მდებარეობს გორიდან ჩრდილოეთით, ოციოდე კილომეტრზე. მდინარე მეჯუდაზე გადასვლის შემდეგ აღმართს ვიწრო ხეობაში შევყავართ. აქ მაღლა, ერთ-ერთ შევაკებაზე, ამაყად დგას მწვანე მთებით დამშვენებული იკორთის ტაძარი. მონასტერი, ვახუშტის ცნობით საარქიმანდრიტოს წარმოადგენდა. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთან შეერთების შემდეგ, ბევრი მონასტერი გაუქმდა. 1811 წელს იკორთის სამონასტროც სოფლის რიგით ეკლესიად იქცა.

XII საუკუნეში ნაგები მონასტრისათვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა. სამწუხაროდ ამ ნაგებობის კვალიც კი არსად ჩანს.

ამჟამად ძეგლის ირგვლივ მხოლოდ გვიანდელი ნაგებობების ნანგრევებია დარჩენილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მონასტერი და საერთოდ ეს მხარე, გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ ეს პუნქტი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის ირგვლივ გალავანი შემოუვლიათ, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონდა საკმაოდ რთულ ციტადელს. გალავნისაგან არაფერი დარჩენილა, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევებიღაა. ციტადელი კი ძლიერაა დაზიანებული.

იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებელობაზე ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა. ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს. სამწუხაროდ, დღემდე ამ წარწერებსაც არ მოუღწევიათ. მათი ამოკითხვა შეძლეს მხოლოდ XIXსაუკუნეში, ისიც ნაწილობრივ.

11.5.08

გორის ციხე
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 37-38)

გორის ციხე დგას ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე. სიმაგრის დასავლეთი ბოლო მონაკვეთი გრძელდებოდა დღეისათვის მისგან ასეული მეტრით დაშორებული მდინარეების მეჯუდისა და ლიახვის შესართავამდე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. აღ-ით Iათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. ციხის მიწისზედა მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, ნაწილი - XVII საუკუნის შუა ხანებს.

გორის ციხე პირველად მოხსენიებულია VII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით (ჯუანშერი, XIს.) გადმოცემის თანახმად, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს ’’ტონთიო’’ - ’’ოქროს მთა’’ ეწოდებოდა. ქალაქის სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ეს ძველი ციხე-სიმაგრე.

გორის ციხე აგრეთვე ნახსენებია გვიანდელი ფეოდალური ხანის მრავალ წყაროშიც. ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
გორის ციხე შედგება 2 დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა და დასავლეთით, ფერდობზე ნაგები ’’ცხრაკარასაგან’’. ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირიტადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წლებში, როსტომ მეფის მიერ. დრევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801წ.) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას- აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. 1920 წლის მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები.
ციხის ეკლესია XI-XIIსაუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთი კედელი. 1956 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ (ავტორი ა. გოგელია) ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი შიგნით და გარეთ სწორკუთხა თლილი ქვით მოაპირკეთა.
ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარეთ სწორკუთხაა, შიგნიდან -თაღოვანი. ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთ გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 54)

დიდი გარდატენის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. დაზიანებულია შენობის სახურავი, შემორჩენილია ქვის ლორფინების ფრაგმენტები. სამხრეთით შესასვლელია კარია გაჭრილი, რომელსაც შიფნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან არქიტრავული გადახურვა აქვს. ინტერიერის მოხატულობისაგან შემორჩენილია მხოლოდ ფერადი ლაქები. ჩრდილოეთ კედელზე შინდისფერი მელნით შესრულებული წარწერის კვალი ჩანს, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნეს შეიძლება მიეკუთვნოს. ნაგებობას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი გლუვი ლავგარდანი აქვს.


აღმოსავლეთის სარკმლის სათაურზე გამოსახულია მარტივი ტოლმკლავა ჯვარი, მის ორივე მხარეს - თითო ფრინველი.

სარკმლის ზემოთ, კარნიზთან ახლოს სწორკუთხა ფილაზე, რამდენიმე სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოცემული.


didi gardateni

ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 49-50)
ეკლესია დგას სოფელ ბობნევის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-83 წლებში. ტაძრის სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი დაზიანებული წარწერებით ირკვევა, რომე ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. შესასვლელის ზემოთ მხედრული წარწერიანი ფილაა განთავსებული. ამ ფილის მეორე ნახევარი დაკარგულია. ფილაზე იკითხება:
შეწევნითა:. ღთ.....
ლესი:. ესე :. მე:. ტფ....
სმან:. იოსებ:. საა....
იდა:. იოანე:. მახარებ....
საოხად:. სულისა....
ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კონქში გამოსახულია ცენტრში აღსაყდრებული ჩვილედი ღვთისმშობელი, მის მარჯვნივ მთავარანგელოზი, ხოლო მარცხნივ იოანე მახარებელი. კომპოზიციის იკონოგრაფია ნაკარნახევია ეკლესიის სახელობიდან გამომდინარე. ქვედა რეგისტრში მოციქულთა ზიარებაა გამოსახული, მესამე რეგისტრში კი ეკლესიის მამათა რიგია წარმოდგენილი. სარკმლის ზვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა.
სამხრეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა; მეორე რეგისტრში - მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე, მიძინება, ფერისცვალება: მესამე რეგისტრში მარტვილთა ბიუსტებია მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში გამოსახულია სამნი ჭაბუკნი სახმილსა შინა, მოსე სინას მთაზე.
სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში იოსებ თბილელის გამოსახულებაა (აქვეა ეკლესიის მოხატვის თარიღისა და ქტიტორის ვინაობის შემცველი წარწერის ფრაგმენტები).
დასავლეთ კედელზე პირველ რეგისტრში გამოსახულია ხარება, მეორეში წმინდა დედანი, მათ შორის, ცენტრში კონსტანტინე და ელენეა ჯვრით ხელში. მომდევნო ორი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს.
ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასაკვეთისკენ: პირველ რეგისტრში _ საულთმოფენობა, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; მეორე რეგისტრში ნათლისღება, შობა, მირქმა; მესამე რეგისტრში - იოანე ნათლისმცემელი, მისი თავის კვეთა; მეოთხე რეგისტრში - ორმოცი სებასტიელი მოწამე და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები.
bobnevi
ქვახვრელი
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.



ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.
სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.
უფლისციხე

(ტექსტი აღებულია წიგნებიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. თბ., 1990, გვ. 91-108; თ. სანიკიძე, უფლისციხე, თბ., 1987.)

უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 20კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და





უფლისწულის ეკლესია თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეს ტაძარი აშენებულია ძველი წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთ ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთი, სამხრეთ ფასადის კლდის ცოკოლი და მის აღმოსავლეთ ბოლოში, შესასვლელთან გაცვეთილი იატაკი, აგრეთვე, წარმართული დროის შესასვლელი აღმოსავლეთი ფასადის ცენტრში, სადაც ახლა კლდეში ჩაღრმავებული ადგილი ქვის ცოკოლით მოსწორებულია და გამოყენებულია ეკლესიის ფუძედ.
ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა, ნაგებია აგურით. შენობა მრავალჯერაა გადაკეთებული. XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება სარკმელი და მისი ქვის ჩარჩოს ორნამენტიანი ფრაგმენტი, პროფილირებული ლავგარდნის ქვები და მწვანე ქვის კანკელის ნატეხები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ეკლესიის ქვემოთ, ფერდობზე და XVII საუკუნის სახლის კედლის წყობაში. შენობა შემგეგშიც რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. XVIII საუკუნეში სამხრეთი შესასვლელის თავზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი მცირე გუმბათოვანი სამრეკლო.
ეკლესიის იატაზე მოგებულია XVIII საუკუნის აგური. აგურისავეა სოლეას საფეხური აღსავლის კარის წინ.




4.5.08

ღვთჳსმშობლის ეკლესია სოფელ კოშკებში
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 77-78)


ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ კოშკების განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე მდებარეობს. ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. 1920 წლის მიწისძვრის შედეგად ეკლესია თითქმის მთლიანად დაინგრა. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდონიბილი ცილინდრული კამარით.
ეკლესიას სამხრეთით მიშენებული აქვს ეკვდერი. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეკვდერი, კარიბჭე და სამრეკლო (არაა შემორჩენილი) 1708 წელს აუშენებლია ედიშერ შალიკაშვილს.

ეკვდერი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი და კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია.

ეკვდერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიბჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.

ეკლესიაში შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში ტაღოვანი კარი ჰქონდა.


shalikasvilebis eklesia , sofeli koshkebi

29.4.08




nunisis mamata monasteri


ნუნისის მამათა მონასტერი

25 აპრილს წავედით ნუნისში, პირველი ღამე სოფელ წიფაში გავატარეთ, მეორე დღეს დავიძარით ნუნისისკენ. ნუნისის სოფელს რო გავცდით მივედით ნუნისის მამათა მონასტერთან. საკმაოდ საინტერესო ტაძარია, სამნავიანი ბაზილია, აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი. გარდა ამისა როგორც შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, ტაძარს გვერდითა სათავსოებიც ქონდა და შესაძლოა კარიბჭეც.





ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდამეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ქონიათ დაზიანბული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ.. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საზვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა წმინდა გაბრიელ (ქიქოძემ) იმერეთის ეპისკოპოსმა. კომუნისტების პერიოდში ტაძარი უმოქმედო იყო, რამაც გამოიწვია შენობის შემდგომი დაზიანება. 1970-იან წლებში ძეგლთა დაცვის მიერ ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და მთლიანად გადაიხურა. მიუხედავად ამისა მთლიანად შენობა არასახარბიელო მდგომარეობაშია და საჭიროებს პატრონობას. მეუფე ვახტანგის კურთხევით მამა პავლე დაუყოვნებლივ შეუდგა მონასტრისა და მისი შემოგარენის მოწესრიგებას. მისი ძალისხმევით დასუფთავდა ეზო, გაიწმინდა ტაძარი.

ტაძარი მეცნიერულად შესწავლილი ჯერ არაა. ამ მხარეში უმოგზაურია გ. ბოჭორიძეს და მის აღწერას ქვემოთ შემოგთავაზებთ. ვ. ბოჭორიძე, იმერეთის ისტორიული ძეგლები, თბილისი, 1995, გვ. 155-156.

ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 34(საურთხევლის კედლამდე) 24X14 არშინი (დაახლ.); მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი – აღმოსავლეთით 1, სამრეთით 3, დასავლეთით 2, ჩრდილოეთით 3; თაღი დაბჯენილია ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე; საკურთხევლს გარშემო შემორიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე), კათალიკონს კი, გადაკეთების გამო, აღარ ეტყობა.ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო ((((სურათIIII ))) , რასაც მოწმობს გვერდის ნავების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 2-1ჰ2 არშინით მაღლა არიან აწეული: გუმბათის ნაწილი მე-17 არშინის შემდე იწყოა და მოიცავს 11 არშინს შემდეგ 6 არშინი საკურთხევლის ნაწილისა არის(17+11+6=34).

ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახელბიათ 1900-იან წლებში; საკურთხევლის ნაყილი მეტად ყოფილა დანგრეული და განახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა, განსაკუთრებით კანკელთან; უმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავში).ეკლესიაში, სამხრეთ აღმოსავლეთი სვეტის წინ (აღმოსავლეთით) ყოფილა საფლავი უცნობი პირისა, რომელსაც სდებია მარმარილოს დაფა წარწერით; დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული (წარწერიანი და სახიანი 10ც., სადა 5ც., სულ 15 ცალი). მხედრული წარწერიდან ნატეხთა შეერთების შემდეგ შესაძლებელი გახდა ამოკითხვა მხოლოდ შემდეგის:ქ.მოიწი[ა]ეკლესიაშივე არის ქვის ნატეხი მაქსიმალური ზომით 15X21 სმ, ასომთავრული წარწერის ნაშთით:იკითხება:[წა]რსამართ(ე)ბლ(ა)[დ][ძეთა]ჩ(ვ)ენთა, აღსაზრდ(ე)ლ(ა)დჩ(ვ)ენი შ(ე)ნდ(ო)ბ(ა)სყ(ო)ფდე[თ].ეკლესიის გარშემო არის ოთხკუთხა გალავნის ნანგრევი, ნაშენი ყოფილა კლდე-რიყის ქვისა და კირისაგან; უკეთ შენახულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.ეკლესიის დასავლეთი-სამხრეთი კუთხის გასწვრივ, გალავნის გარეთ, არის ნანგრევი შენობისა; მის მახლობლად (აღმოსავლეთ-სამხრეთით) არის ორი აკლდამა, რომელსაც ადგილობრივ “ეკბტერს” უწოდებენ; ამ აკლდამებს ჩაქცეული აქვთ დასავლეთი ნაწილი (დანარჩენი კარგად არის შენახული); იგინი თითქმის თაღამდე მიწაში სხედან.