11.5.08

გორის ციხე
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 37-38)

გორის ციხე დგას ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე. სიმაგრის დასავლეთი ბოლო მონაკვეთი გრძელდებოდა დღეისათვის მისგან ასეული მეტრით დაშორებული მდინარეების მეჯუდისა და ლიახვის შესართავამდე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. აღ-ით Iათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. ციხის მიწისზედა მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, ნაწილი - XVII საუკუნის შუა ხანებს.

გორის ციხე პირველად მოხსენიებულია VII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით (ჯუანშერი, XIს.) გადმოცემის თანახმად, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს ’’ტონთიო’’ - ’’ოქროს მთა’’ ეწოდებოდა. ქალაქის სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ეს ძველი ციხე-სიმაგრე.

გორის ციხე აგრეთვე ნახსენებია გვიანდელი ფეოდალური ხანის მრავალ წყაროშიც. ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
გორის ციხე შედგება 2 დიდი მონაკვეთისაგან: ზედა პლატოზე მდებარე ოვალური ციტადელისა და დასავლეთით, ფერდობზე ნაგები ’’ცხრაკარასაგან’’. ციხე ძირითადად ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. აქა-იქ გამოყენებულია აგურიც. ნაგებობას ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი. ძირიტადი ნაწილი აღდგენილია 1632-33 წლებში, როსტომ მეფის მიერ. დრევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801წ.) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას- აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. 1920 წლის მიწისძვრამ დაანგრია ციხის ზედა ნაწილი და ეკლესია. ციხის შემორჩენილ ქვედა ყრუ კედლებს გასამაგრებლად სხვადასხვა დროს გარედან მიაშენეს კონტრფორსები.
ციხის ეკლესია XI-XIIსაუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვით. შენობა დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია კამარა და სამხრეთი კედელი. 1956 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ (ავტორი ა. გოგელია) ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი შიგნით და გარეთ სწორკუთხა თლილი ქვით მოაპირკეთა.
ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. კარი გარეთ სწორკუთხაა, შიგნიდან -თაღოვანი. ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ჩრდილოეთ გრძივი კედლების წყვილ პილასტრებს ეყრდნობა. ამავე კედელზე შემორჩენილია მაღალი დეკორატიული თაღის ფრაგმენტები.

No comments: