ერედვის წმინდა გიორგის 906 წლის ეკლესია
(ტექსტი: რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრეული ძეგლი)
სოფელი ერედვი მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, ქ. ცხინვალიდან 7 კმ მანძილზე მდებარეობს. ამ სოფლის შუაგულში, ხეობის გასწვრივ მიმავალი გზის მარჯვნივ, ამართულია მაღალი ბურჯებით შემაგრებული და კოშკების შემცველი ციხე-გალავანი. გალავნის შიგნით იმყოფება ტაძარი, რომელიც ამ ყრუ კედლებიდან მცირედ მოჩანს. გალავანში მთავარი ტაძრის გარდა დაცულია დარბაზული მცირე ეკლესიის ნაშთები. ეს ძეგლი მთავარი ტაძრის სამხრეთით სულ ერთნახევარი მეტრის მანძილზე იმყოფება.
მთავარი ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ მოზრდილ ეკლესიას, გარშემოსავლელით. გარშემოსავლელი უვლის ეკლესიას არა სამი მხრიდან, როგორც ეს ჩვეულებრივ სამეკლესიიანი ბაზილიკებისთვისაა მიღებული, არამედ ოთხსავე მხარეს, ე.ი. აღმოსავლეთის ჩართვითაც.
ერედვის 906 წლით დათარიღებული ძეგლის შესწავლისას საქმე გვაქვს იმ ეპოქასთან, როდესაც არაბთა ბატონობისაგან დაქუცმაცებული საქართველოს თანდათანობითი აღდგენა იწყება.
ძეგლმა დროთა მანძილზე რამდენიმე შეკეთება განიცადა. ეს შეკეთება მხოლოდ მის ზოგიერთ ნაწილს შეეხო. შესაძვებელი ხდება სამი პერიოდის დადგენა. მათგან უფრო საფუძვლიანმა გამოიწვია სამხრეთის ფასადის ქვედა კედლის და მთავარი შესასვლელის გადაკეთება.
ამ ძირითადი რესტავრაციის გარდა ძეგლი უფრო ადრეც იყო განახლებული. უკანასკნელ აღმშენებლობას ეკუთვნის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადების ნაწილების მოპირკეთება და ზოგიერთი კარნიზის ფილების შეცვლა. მთავარ განახლებას, როგორც ჩანს, სულ გვიანდე ხანაში მოჰყვა კიდევ ერთი შეკეთება აგურით.
მიუხედავად ამ შეკეთებისა, წმინდა გიორგის ეკლესიამ ძირითადად შეინარჩუნა თავდაპირველი სახე ისე, როგორც ეს მოფიქრებული ჰქონდა მის ხუროთმოძღვარს.
ტაძარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ასომთავრული წარწერაა განთავსებული.
დიდი სააღმშენებლო წარწერა სამრეთ ფასადის მრგვალ სვეტზეა მოთავსებული. იგი გარშემო უვლის სვეტის მთელს ზედა ნაწილს, სვეტის სარტყლიდან ვიდრე სვეტის თავამდე. მხედრული ტრანსლიტერაცია წარწერისა ქარაგმების გახსნით შემდეგი იქნება:
1. [სახ]ელითა ღმრთისაითა, [მამისა და ძისა და] სო[ლისა წ]მიდის[აით]ა, მეოხებითა წმიდისა ღმრთი[ს მ
2. შ]ობელისაითა, [შეწევნითა წმიდისა გიორგი]სითა, ხელმწიფობასა ღმრთივ დამყარ[ე
3. ბ]ოლისა წმიდ[ი]სა [კოსტანტი]ნე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერე
4. თს [შ]იგან, ჰერთა მეფ[ე]ი გა[ქ]ცია და მონით მშოიდობით იქცა. ცისკრად ა
5. ლავერდს ილოცა; [მ]წოხ[რ]ი ბრეძას გადაჰხთა. მეორედ კულა ავიდა, ვეჯინ
6. ისა ციხე დალექა. ქართლს შინა ოფლობასა ტბელისა ივანესა, მთავა
7. რ ე[ბი]სკო[სო]ბასა სანატრ[ე]ლისა ყ~ესა, ჯვრითა მისითა, განზრახვითა ნიქოზ
8. ე[ლი]სა სანატრელისა სტეფანე ებისკოსისაითა ძალითა შეწევნითა მოყოას
9. თაითა. მე თეოდორე თაფლაისძემან დავდე საძირკველი , წელნი იყნეს ხფი ქრონიკ.
ისტორიული მომენტები, რომელიც ამ წარწერაშია ნახსენები X საუკუნის ცნობილ ფაქტებს უკავშირდებიან.
თვით ძეგლის თარიღა, 906 წელი და სახელის დარჩენილი ორი ბოლო ასო ’’ნე’’ შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ აქ კონსტანტინე მეფე, აფხაზთა მეფის ბაგრატ I-ის ძე, რომელიც ’’მეფეთა დივნის’’ მიხედვით გამეფდა 873 წელს, ხოლო მისი სიკვდილის თარითად 912 წელია აღნიშნული. რამდენადმე უჩვეულოდ გვეჩვენება მეფის საკუთარი სახელის წინ გარკვევით დაცული სიტყვა ’’წმიდისა’’, რის საფუძველზე უნდა ეწოდებინათ კონსტანტინესათვის ’’წმინდა’’, მასალებიდან არა ჩანს.
ეკლესია, როგორც ამას წარწერა გვაუწყებს, აშენებული ყოფილა ნიქოზელი ეპისკოპოსის სტეფანეს განზრახვით. ტაძრის აღმშენებელი, როგორც ბოლო სტრიქონიდან ჩანს ვინმე თეოდორე თაფლაისძე ყოფილა.
No comments:
Post a Comment