16.6.11

სამთავისი

(პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII საუკუნეებში (თბილისი, 1990), გვ. 9–26;საქართველოს კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5 (თბილისი, 1990), გვ. 191–198)


სამთავისის ტაძრის კომპლექსში შედის: გალავანი ( XVII ს–ის II ნახევარი და XVIII ს–ის I მესამედი), მთავარი ეკლესია (1030 წ.), ეპისკოპოსის პალატი (პირველი ფენა თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, მეორე - XVIII საუკუნით), მცირე ეკლესია და სამრეკლო (XVIII საუკუნის I ნახ.).

სამთავისის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურის ქვაკუთხედია. გენიალურმა ხუროთმოძღვარმა შექმნა ლაკონიური კომპოზიციისა და მიმზიდველი ფასადების მქონე ნაგებობა. XI ს. პირველ ნახევარში წარმოშობილი ნაგებობის ეს ტიპი მცირე ცვლილებებით, სხვადასხვა ნიუანსებით შემდგომ საუკუნეებშიც მეორდება.


სამთავისი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 60-იოდე კილომეტრის მანძილზე, ამავე სახელწოდების სოფელში. მოგვიანებით ტაძარი გალავნით შემოუფარგლავთ. გალავანს შესასვლელი ჩრდილოეთით, სამრეკლოს ქვედა სართულიდან აქვს. მეორე ჭიშკარი დასავლეთითაც ყოფილა, შემდგომში ამოუქოლიათ. სამხრეთით, გალავანთან ახლოს, ერთი მცირე ეკლესიის ნანგრევია შემორჩენილი.
სამთავისის პირველ მშენებლად ვახუშტი ბაგრატიონი VI ს. მოღვაწეს - ცამეტ ასურელ მამათაგან ერთს - ისიდორეს ასახელებს. იგი წერს: „... არს რეხულას აღმოსავლეთით სამთავისი, ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდმშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა. ქმნული არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. აქ შეიძლება უზუსტობასთან გვქონდეს საქმე, რადგან ცნობილია, რომ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებას უკვე ესწრებოდა სამთავნელი ეპისკოპოსი. ასურელი მამები კი უფრო გვიან ჩამოვიდნენ.


ეკლესიაში XI საუკუნეზე უადრესი არაფერი ჩანს. თუ ვივარაუდებთ, რომ აქ VI საუკუნეში ეკლესია იდგა, არ არის გამორიცხული მისი ფრაგმენტი დარჩენილი იყოს მიწის ქვეშ.სამწუხაროდ, არც XI საუკუნის ეკლესიას მოუღწევია ჩვენამდე თავდაპირველი სახით. იგი რამდენჯერმე დაზიანებულა და ნაგებობის ნაწილებიც დაკარგულა. მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მას თავისი ტიპისათვის დამახასიათებელი იერი შენარჩუნებული აქვს და დღესაც იმპოზანტურია.
წერილობითი წყაროები მეტად ძუნწ მასალას იძლევა ტაძრის ისტორიაზე. უფრო მეტი შემოუნახავს თვით ეკლესიის კედლებს. წარწერების უმრავლესობა რამდენჯერმეა გამოცემული. წარწერებიდან მარტო ერთია თავის ადგილზე. იგი მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, მაღლა, დეკორაციული ჯვრის მკლავებს შორის.

ეს წარწერა ჯვრის ზედა მარცხენა მხარესაა ამოკვეთილი:

ქ. ღმერთი მის შორის და იგი არ(ა შეიძრას უკუნისამდე)

გაგრძელება მარჯვნივ ექნებოდა, მაგრამ აღარ შერჩენილა. იგი ყოფილა დ. მეღვინეთუხუცესის გადმონაწერში, რომელიც ბროსესაც უნახავს 1848 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს. წაკითხულს იმეორებს თ. ჟორდანიაც (ეს ნაკლული ტექსტი ჩვენ ზემოთ ფრჩხილებში მოვათავსეთ). იგი ლოცვა უფროა და შესავალივით უძღვის ქვემოთ მოთავსებულ საქმიან წარწერას :

ქ. ხატო ღმრთაებისაო შეიწყალე სული ილარიონისა ძისა ვაჩე ყანჩაელისი.


შემორჩენილია იმავე ილარიონ სამთავნელის კიდევ ორი წარწერა. ერთი მათგანი ცალკე ქვაზე უპოვია ეზოში თ. ჟორდანიას, რომელიც ამჟამად მოთავსებულია დასავლეთის ფასადზე, კარის ზემოთ.

...ილარიონ სამთავნელ ებისკოპოსმან აღაშენა ტაძარი ესე დასაბამითგან ქვეყნისა წელთა ხქლდ (6634–5604=1030 წ.) ქორონიკონსა სნ (250+780=1030 წ.)


წარწერა ახლა ძლიერაა დაზიანებული. ქვა ნაწილობრივ მოტეხილია (ზემო მხარე). როგორც ჩანს, იგი ძეგლის რესტავრაციის დროს ჩასვეს ამ კედელში.
წარწერის შინაარსი მეტად საინტერესოა. ირკვევა, რომ ეს ტაძარი 1030 წელს ილარიონ სამთავნელს აუგია.

როგორც ჩანს, ილარიონი დიდად ენერგიული ადამიანი ყოფილა. მას აუგია კიდევ სხვა ნაგებობა სამთავისის ეზოში. ამის შესახებ მოგვითხრობს ამჟამად დასავლეთის კედელში ცალკე ქვაზე, კარის ზემოთ, მარჯვნივ მოთავსებული წარწერა:

ხატო ღვთაებისაო, ადიდე გლახაკი ილარიონ სამთავნელ ებისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაელისა, რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა. ქორონიკონსა სო (270+780=1050 წ.).

როგორც ვხედავთ, ილარიონი იქვე აშენებს 1050 წ. მარანსა და საწნახელს.
ბროსეს გამოცემული აქვს კიდევ ერთი უცნობი წარწერა. იგი მოთავსებული ყოფილა სამხრეთის კარიბჭის შიგნით, პილასტრზე; როგორც ეტყობა, XIX საუკუნის რესტავრაციის დროს გადათალეს. ამჟამად მხოლოდ მისი კვალი ჩანს აქა-იქ. წარწერა მაშინაც ძალიან ყოფილა დაზიანებული და ბროსეს სიბნელეში კარგად ვერ გაურჩევია. ჩვენ ამ წარწერის შემოწმების საშუალება აღარა გვაქვს. იგი 1056 წ. ყოფილა შესრულებული:

აქა მიიყვარა ........ მამა თევდორესი ძისა იოანე ყანჩაელისა რომელმან აღაშენა წმიდა ეკლესია ესე .... ნაშრომში ხელთა მისთანი და უფლისა ..... ვაკურთხოთ ქკნი იყო სოვ.


4.6.11


სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია
(საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბილისი, 1990, გვ.310)

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია (მცხეთის რაიონი) დგას სოფლის დასავლეთით 1,5 კმ–ზე, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (9X7.8 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭიდან. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგიათ ივანე ზედგენიძის ძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი თანამეცხედრის თამარის ბრძანებით 1669 წელს, კარიბჭის ერთ–ერთ სვეტზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი მელქან ფურცხვანიძე.

აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა თაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ყოველ ყოველ კედელში თითო სარკმელია; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სარკმლები კამარის საყრდენთანაა გაჭრილი, მათ ქვემოთ პატარა ნიშებია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის საპირე ორნამენტითაა მორთული.

ეკლესიის თანადროული კარიბჭის სამხრეთის თაღედი ფასადის მხარეს მთლიანად გახსნილია: აქ სამ რვაწახნაგოვან ბოძს ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. ყოველი ბოძის სამი წინა წახნაგი მორთულია ჯვრებითა და გეომეტრიული მოტივებით. მოჩუქურთმებული ყოფილა ლავგარდანიც (მხოლოდ აღმოსავლეთითაა შემორჩენილი მცირე ნაწილი). კარიბჭის თაღები შემკულია ნახევარდისკოების მწკვრივით.


პ.ს. ეს კიდევ სიურპრიზი, რომელიც იქვე ახლოსაა ამალულ–ჩამალული... ბოლო, მკვეთრ აღმართზე სიჩქარე თუ არ დააგდე შეიძლება იფრინო კიდეც :)