4.5.08

ღვთჳსმშობლის ეკლესია სოფელ კოშკებში
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 77-78)


ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ კოშკების განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე მდებარეობს. ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. 1920 წლის მიწისძვრის შედეგად ეკლესია თითქმის მთლიანად დაინგრა. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდონიბილი ცილინდრული კამარით.
ეკლესიას სამხრეთით მიშენებული აქვს ეკვდერი. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეკვდერი, კარიბჭე და სამრეკლო (არაა შემორჩენილი) 1708 წელს აუშენებლია ედიშერ შალიკაშვილს.

ეკვდერი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი და კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია.

ეკვდერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიბჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.

ეკლესიაში შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში ტაღოვანი კარი ჰქონდა.


shalikasvilebis eklesia , sofeli koshkebi

No comments: