ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 49-50)
ეკლესია დგას სოფელ ბობნევის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-83 წლებში. ტაძრის სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი დაზიანებული წარწერებით ირკვევა, რომე ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. შესასვლელის ზემოთ მხედრული წარწერიანი ფილაა განთავსებული. ამ ფილის მეორე ნახევარი დაკარგულია. ფილაზე იკითხება:
შეწევნითა:. ღთ.....
ლესი:. ესე :. მე:. ტფ....
სმან:. იოსებ:. საა....
იდა:. იოანე:. მახარებ....
საოხად:. სულისა....
შეწევნითა:. ღთ.....
ლესი:. ესე :. მე:. ტფ....
სმან:. იოსებ:. საა....
იდა:. იოანე:. მახარებ....
საოხად:. სულისა....
ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კონქში გამოსახულია ცენტრში აღსაყდრებული ჩვილედი ღვთისმშობელი, მის მარჯვნივ მთავარანგელოზი, ხოლო მარცხნივ იოანე მახარებელი. კომპოზიციის იკონოგრაფია ნაკარნახევია ეკლესიის სახელობიდან გამომდინარე. ქვედა რეგისტრში მოციქულთა ზიარებაა გამოსახული, მესამე რეგისტრში კი ეკლესიის მამათა რიგია წარმოდგენილი. სარკმლის ზვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა.
სამხრეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა; მეორე რეგისტრში - მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე, მიძინება, ფერისცვალება: მესამე რეგისტრში მარტვილთა ბიუსტებია მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში გამოსახულია სამნი ჭაბუკნი სახმილსა შინა, მოსე სინას მთაზე.
სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში იოსებ თბილელის გამოსახულებაა (აქვეა ეკლესიის მოხატვის თარიღისა და ქტიტორის ვინაობის შემცველი წარწერის ფრაგმენტები).
დასავლეთ კედელზე პირველ რეგისტრში გამოსახულია ხარება, მეორეში წმინდა დედანი, მათ შორის, ცენტრში კონსტანტინე და ელენეა ჯვრით ხელში. მომდევნო ორი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს.
ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასაკვეთისკენ: პირველ რეგისტრში _ საულთმოფენობა, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; მეორე რეგისტრში ნათლისღება, შობა, მირქმა; მესამე რეგისტრში - იოანე ნათლისმცემელი, მისი თავის კვეთა; მეოთხე რეგისტრში - ორმოცი სებასტიელი მოწამე და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები.
bobnevi
No comments:
Post a Comment