9.4.11

ქოროღოს ეკლესია


შარშან ნოემბერში 5 კაცი კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ხადას ხეობას. ციოდა და ამიტომაც ესმას დაცარიელებულ, დათაგვიანებულ სახლში დავბანაკდით. საღამოს დიტომ არყის ყანწები ამოიღო და... :)

მეორე დღეს ერთი კაცი გაგვექცა, კიდევ 2 დღე არაყში ვერ გავძლებო...

დილას ქოროღოსკენ მიმავალ ბილიკს შევუყევით. მალევე გამოჩნდა მთის წვერზე ქოროღოს კომპლექსი და ''პატარა'' სიახლეც... მეწყერი...


ადგილობრივებთან საუბრისას გაირკვა, რომ 2 წლის წინ მომხდარა ეს ამბავი. ამ ეტაპზე ძეგლს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მომავალში ალბათ ეს პრობლემა იქნება.

კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღმრთისმშობლის ეკლესია, მცირე სამლოცველო, ზურგიანი კოშკი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა.

მთავარი ტაძარი დაკეტილია, მხოლოდ აგვისტოში მარიამობას აღებენ ხოლმე. დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის ეკლესია X-XI საუკუნეებით თარიღდება.

ყურადსაღებია ტაძრის დასავლეთი ფასადის ლავგარდნის შემკულობა. აქ მთელს კარნიზზე ფიგურატიული გამოსახულებებია. ცენტრში ნიშიანი ღვთისმშობელია გამოსახული, მის მარცხნივ ეკლესიის მოდელით ხელში ქტიტორი, რომელსაც მოსდევს საინტერესო სცენა: ტაძრის კურთხევა. დანარჩენი გამოსახულებები კი მაშენებლებს ეკუთვნის, ზოგი ხარებით სამშენებლო ტვირთს ეზიდება, ზოგიერთს ზურგით ქვის ლოდები მიაქვს, ზოგი დუღაბს ამზადებს... ყველა საქმითაა გართული, ტაძარს აშენებენ :)

მეორე მნიშვნელოვანი რელიეფი ტაძრის სამხრეთით, კოშკისა და ეკლესიის დამაკავშირებელი კედლის წყობაშია ამოყირავებულად ჩართული. აქ მთელი ოჯახია გამოსახული, წინ კი ეკლესიის გეგმაა. მსგავსი გამოსახულება (დღეს არსებული მასალით თუ ვიმსჯელებთ) ერთადერთია შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში; როგორც წესი, საერო პირებს ტაძრის მოდელი უჭირავთ ხოლმე ხელში, აქ კი ქტიტორთა წინ დარბაზული ეკლესიის გეგმაა წარმოდგენილი. ეს ქვა, როგორც ირკვევა კაპიტელია, იქვეა კედლის წყობაში ჩართული ბურჯიც...

მიყვარს ქოროღო :)


პ.ს. მესამე დღეს მე თბილისში დავბრუნდი, ბიჭები მილიონას უღელტეხილზე გადავიდნენ, გზა აებნათ, დაიმტვრნენ და ძლივს ჩამობობღდნენ თბილისში :)




2 comments:

sofaia said...

ჩიტუციოს ვენაცვალე, დაგვიწერე რამე ბრეთზეეეე..... ჩემი მუზა ხარ :))))

ჩიტუციო said...

sofo, bretis tadzari faqtiurad sheuscavlelia. tamaz sanikidzes uceria ragaceebi zeglta agcerilobashi da davdeb mere :)