(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 49–50)
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დგას სოფელ ბობნევის (გორის რაიონი) განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-83 წლებში. სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი დაზიანებული წარწერებით ირკვევა, რომ ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).
ეკლესია დარბაზულია (7,9X5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სარკმლის ქვეშ დგას ტრაპეზის ქვა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.
ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კამარის ცენტრში ექვსფრთედებსა და წინასწარმეტყველთა შორის გამოსახულია ქრისტე-პანტოკრატორი. საკურთხევლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. პირველ რეგისტრში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში - მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამანი. სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა. მხატვრობა დასრულებულია ორნამენტული ზოლით (დაშვებული ფარდა).
დარბაზის მოხატულობა ოთხ რეგისტრად იყოფა. სამხრეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა; მეორე რეგისტრში - მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე, მიძინება, ფერისცვალება; მესამე რეგისტრში მარტვილთა ბიუსტებია მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში გამოსახულია სამნი ჭაბუკნი სახმილსა შინა, მოსე სინას მთაზე. კედლის დასავლეთ მონაკვეთში იოსებ თბილელის გამოსახულებაა (აქვეა ეკლესიის მოხატვის თარიღისა და ქტიტორის ვინაობის შემცველი წარწერის ფრაგმენტები).
კარის აღმოსავლეთ წირთხლზე მთავარანგელოზის ფიგურაა; დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, გამოსახულია ხარება, მეორეში წმ. დედანი, მათ შორის, ცენტრში კონსტანტინე და ელენეა ჯვრით ხელში. მომდევნო ორი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს (მედალიონებში და მთელი ტანით). ამავე კედლის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლზე გამოსახულია წმ. კოზმა, ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ: პირველ რეგისტრში - სულიწმინდის მოფენა, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; მეორე რეგისტრში ნათლისღება, შობა, მირქმა; მესამე რეგისტრში - იოანე ნათლისმცემელი, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა, წმინდანთა ბიუსტები მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში - ორმოცი სებასტიელი მოწამე და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები. დარბაზის მთელ სიგრძეზე მხატვრობას დაუყვება ორნამენტული ზოლი (ფარდა). წმინდანებს ახლავს დაზიანებული წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე.
მხატვრობა გვიანდელი ფეოდალური ხანის ტიპიური ნიმუშია (XVII საუკუნის ბოლო). მასში განსაკუთრებით იჩენს თავს გვიანპალეოლოგოსთა ხელოვნების ტრადიცია. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მკვეთრი ცისფერი, რომელიც აცოცხლებს მღვრიე და მუქ ფერებს (მუქი ლურჯი, მონაცრისფრო–ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი, მოწითალო–ყავისფერი). შენობის ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.
No comments:
Post a Comment