(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 110–111)
ტაძარი დგას სოფელ ფიცესის (გორის რაიონი) სამხრეთ გარეუბანში, მდ. თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით გარეუბანში, მდინარის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. 1962 წელს სპეციალურმა სამეცნიერო–სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და შეაკეთა ფასადები [ტაძარი ამჟამად ძლიერაა დაზიანებული]. ტაძარი აგებულია 1152 წელს.
ეკლესია დარბაზულია (17 X 12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკვეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს.
შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემოჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთესადაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მოხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი.
წმინდანების შარავანდები სხვადასხვა ფერისაა: ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკვნებისა - მონაცრისფერო-იისფერი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია იერუსალიმში შესვლა (შემორჩენილია მხოლოდ ცხენისა და მაცხოვრისკენ მიმართული ბავშვის გამოსახულების ფრაგმენტები). ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში ორი მოწამის წელზედა გამოსახულება გაირჩევა (ერთი მათგანი მეომარია). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია წმ. გიორგის ბრძოლა გველეშაპთან (დაზიანებულია). ცხენი წითური ფერისაა. შემოსასვლელის ტიმპანში გამოსახულია მაცხოვრის თავი. შემოსასვლელის თავზე, მისგან მარჯვნივ (დასავლეთით) და დასავლეთის კედელზეც ცალკეულ სცენათა ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა გარჩევა ამჟამად არ ხერხდება. სამხრეთის კედლის სარკმლის წირთხლები მოხატულია მცენარეული ორნამენტით - სამფურცლიანი ყვავილებით, ყვითელი ყლორტებითა და შავ ფონზე მტვრიანებით, რაც დამახასიათებელია XI-XII საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობისათვის. მხატვრობის კოლორიტი თავშეკავებულია. უმთავრესად გამოყენებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ნაცრისფერი. ფიგურები სტატიკურია, გამოირჩევა სიმკაცრით. შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთი ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით.
აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს ეკლესიის ამშენებლის ვინაობას (კახა ერისთავთ-ერისთავი) და აგების თარიღს.
ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთით გაჭრილია კარი.
საორბისი
No comments:
Post a Comment