ქვათახევის მონასტერი
ქვათახევის მონასტერი კავთურას ხეობაში მდებარეობს. კომპლექსი ხეობის სიღრმეში, ხშირ ტყეშია აგებული. სამონასტრო კომპლექსში ამჟამად შედის გალავანი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სამრეკლო, კოშკი და საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. მონასტრის დაარსების შესახებ არავითარი ისტორიული დოკუმენტი არაა ჩვენამდე მოღწეული, მთავარი ტაძრის არქიტექტურის მხატვრულ-სტილისტური ანალიზის შედეგად მისი აგების თარიღი XII_XIII საუკუნეებით განისაზღვრა.
ჩვენამდე მოღწეული პირველი ისტორიული ცნობა, რომელიც ქვათახევის მონასტერს ეხება მიეკუთვნება საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობის პერიოდს (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. 1959, II, გვ. 452-453). როგორც ქართლის მემატიანე გვამცნობს, თემურ ლენგის ჯარმა საქართველოში მორიგი ლაშქრობისას 1400 წელს, ააოხრა მონასტერი და მასში მყოფი მონაზონნი, ბერები, თავადთა ასულები და გლეხები ეკლესიაში გამოამწყვდიეს და ცოცხლად დაწვეს. როგორც ჩანს, ამ დროისთვის მონასტერი დედათა სამყოფლად იყო განკუთვნილი. ამ დღის შემდგომ ვიდრე 1821 წლამდე მონასტერში მლოცველები მოწიწების ნიშნად ფეხზე გახდილნი ან საგანგებო ფეხსაცმელებით შედიოდნენ.
ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის პლატონ იოსელიანი; თურქეთის ფაშას, რომელსაც რეზიდენცია გორში ჰქონდა, ამ მიდამოებში მოუწია ნადირობა, ნადირობისას მას თემურლენგის ლაშქრის მიერ მონასტრის აოხრების ამბავი მოუთხრეს და მან მონასტრის მონახულების სურვილი გამოთქვა. მონასტერში მისულმა ფაშამ ტაძარში შესვლა გადაწყვიტა, მაშინ ერთ-ერთმა ბერმა მოახსენა აქ არსებული წესი, რომ მხოლოდ ფეხშიშველი უნდა შესულიყო მნახველი ტაძარში. ფაშა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდა და ფეხგახდილი შევიდა. ასევე ფეხშიშველი შესულა ტაძარში სპარსეთის ხანი, რომელიც ქართლში ხარკის ასაკრეფად მისულ ნადირ-შაჰის რაზმს ახლდა თან.
ვახუშტის ცნობით, XVIII საუკუნის I ნახევრისთვის მონასტერი მოქმედია, აქ არქიმანდრიტი ზის. XVII-XVIII საუკუნეებიდან, ლეკიანობის პერიოდში მონასტერი ნელ-ნელა ცარიელდება. მათ მიერ 1799 წელს მოკლულ იქნა ქვათახევის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთი ბერი პავლე.
1970-75 წლებში მონასტერში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით, აღდგენილ და გამაგრებულ იქნა კედლის პერანგი, აგრეთვე დასავლეთის კარიბჭე, შეცვლილ იქნა ხახვისებური გუმბათის გადახურვა.
1 comment:
qvataxevi ulamazesia....
Post a Comment