ერთაწმინდის ტაძარი
(ტექსტი აღებულია წიგნებიდან: ი. გომელაური, ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა, თბ., 1976; საქ.-ოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთან აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990, გვ. 156-158)
სოფელ ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთ-ერთი სახელგანთქმული სიძველეთაგანია საქართველოში. ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’ერთაწმინდად’’ და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.
ეკლესია მთის ფერდობზე გაშენებული სოფლის შუაგულში დგას, სამხრეთით მას ტყით დაფარული მთის კალთა დაჰყურებს. ერთაწმინდის ეკლესია შემოვლებულია გალავნით. ადგილობრივ მცხოვრებთა სიტყვით, გალავანს შვიდი კოშკი ჰქონია, რომელთაგან უმრავლესობა ახლა სრულიად განადგურებულია.
ტაძარი XIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გაიხსნა (1960-70წწ) მოხატულობის სამი რეგისტრი. მხატვრობა შესრულებულია არა უადრეს XVII საუკუნისა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს. აქვეა მათი ორი შვილი, ისინი სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრის კომპოზიცია საზეიმო ხასიათისაა; სადა ფონზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი 4 წმინდანი.
ჩრდილოეთ ფასადზე სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, სამუშაო იარაღით ხელში.
ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ შემოგვრჩენია, მაგრამ არაერთი დაზიანება და რესტავრაცია, რომელიც განიცადა შენობამ - განვლილ განსაცდელთა მეტყველი მოწმეებია.შესაძლოა, სერიოზული დაზიანებანი XIII საუკუნის დასასრულს მომხდარი მიწისძვრის შედეგი იყოს, როდესაც ქართული მემატიანეს სიტყვით, ეკლესიებს გუმბათებიც არ შერჩენიათ. ადვილი დასაშვებია, რომ მძიმე განსაცდელს, რომელზეც მოგვითხრობს ’’ქართლის ცხოვრება’’, როდესაც XIV სუაკუნის დასასრულს თემურლენგმა ’’ ტფილისი აღიღო, ქართული წარსტყვევნა და შემუსრნა ყოველნი ეკლესიანი და შენებულებანი’’, ერთაწმინდაც ვერ გადაუჩა.ერთაწმინდასთან დაკავშირებული საბუთები მცირე რაოდენობითაა დაცული და თვით ეკლესიის შესახებ ისინი არაფერს გვეუბნებიან. საბუთები XVI საუკუნის მეორე ნახევარზე ადრინდელები არ არიან. უმთავრესად ეს შეწირულების ან ნასყიდობის წიგნების დამოწმებებია.
1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა თარხან მოურავების საგვარეულო აკლდამას წარმოადგენს.
ertacminda
ertacmindis cminda estates saxelobis eklesia
No comments:
Post a Comment