2.12.05

ბეთანიის მონასტერი

(ტექსტი აღებულია წიგნიდან: პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIIIს., თბ., 1990, გვ57-63)

ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლია. იგი თბილისთან ახლოს, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს.
ტაძრის ირგვლივს ოდესღაც განლაგებული სამონასტრო ნაგებობებიდან აღარაფერია დარჩენილი. ახალი აგებულია სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი შენობა. ბეთანიის მთავარი ტაძრის დასავლეთით 1196 წელს აგებული პატარა დარბაზული ეკლესიაა.
გუმბათსა და ტაძრის ქვედა კორპუსსაც თავდაპირველი გადახურვა არ შერჩენია. ამჟამად თუნუქია, ხოლო გასული საუკუნის ბოლოს, რესტავრაციამდე კრამიტით იყო გადახურული, ტავდაპირველად კი ლორფინები ყოფილა. მათი ფრაგმენტები ბლომადაა ეზოში.
ბეთანიის მონასტრის დარსებასა ან მთავარი ტაძრის აგებაზე ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება, გარდა ერთისა, სადაც ვახუშტი ბაგრატიონი ბეთანიას ორიოდე სიტყვით იხსენიებს და სწორ თარიღს იძლევა. იგი წერს, რომ ვერეს ხევზე არის ლასტის ციხის ’’ქვეით, სამხრით, ყოვლად წმიდის მონასტერი ბეთანია, გუმბათჳანი, მაგარს ადგილს, ტამარ მეფის აღშენებული, აწ ხუცის სამარ. მუნ ერთვის ვევი ვერეს სამადლომდე.’’ თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ტაძრის აგების ტარიღს ისტორიულ პორტრეტებს უკავშირებენ.
ტაძრის ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრზე განლაგებულია მეფეების - ლაშა-გიორგის, ტამარისა და გიორგი მესამის გამოსახულებები. ამ კომპოზიციას ორივე მხარეს ამტავრებს წმინდანთა სახეები. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სამივეს გვირგვინი ადგას და, ამასთანავე ლაშას ხმალი ჰკიდია. ხმლის ჩამოკიდება, თავისთავად, მეფედ კურთხევას ნიშნავს. ე.ი. ამ მხატვრობის შესრულებისას ლაშა უკვე მეფე იყო. ისტორიული ცნობებით კი დადგენილია, რომ ლაშა თამარმა თავის თანამოსაყდრედ გაიხადა 1207 წელს (მეუღლის - დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ). ბეთანიის კედლების მოხატვა იმავე წელს თუ არა, ახლო წლებში მოხდებოდა.
რაც შეეხება თვით ტძარს, ინტერიერში კედლების მოხატვის დაწყებისას შენობა დამთავრებული უნდა ყოფილიყო. ასეთი დიდი ტაძრის აგებას 5-10 წელი მაინც მოუნდებოდა. აქედან გამომდინარე, ეკლესიის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს XIII საუკუნის პირველი წლებისა. თუ ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შედგენასაც მივიღებთ მხედველობაში, მაშინ მშენებლობის დაწყების დროდ XII საუკუნის მიწურული, დამთავრებისად კი - მომდევნო საუკუნის პირველი ათეულის მეორე ნახევარი უნდა მივიჩნიოთ.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს ბეთანიის მთავარი ტაძრის საერთო გადაწყვეტას - პირამიდულ კომპოზიციას კარიბჭით. ეს პირამიდულობა, ზესწრაფვა ერთნაირად ჩანს როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. სწორედ ეს მოხდენილი პროპორციები ახდენს დიდ შთაბეჭდილებას.
ტაძრის გეგმა, კარიბჭის გარეშე, ერთ მოზრდილ სწორკუთხედშია ჩასმული. გარეთა ხაზი თუ ასე მარტივია, იგივე არ შეიძლება ითქვას შიდა ხაზზე. შიგნით ყველაფერი მრავალფეროვანი ხდება და რთულდება. მთავარს ინტერიერში ის ვერტიკალური ღერძი წარმოადგენს, რომელიც გუმბათის წვეტში ამთავრებს თავის სვლას.
ხუროთმოძღვარს ყველა დეტალი ისე აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი ზესწრაფვას ექვემდებარება. უპირველეს ყოვლისა, აქ აღსანიშნავია ჯვრი მკლავების სიგანისა და სიმაღლის შეფარდება და მათი გადახურვის მოხაზულობა. მკლავებს ოსტატი ამთავრებს ისრული ფორმით, რაც თავისთავად აძლიერებს ზემოთ სწრაფვის შთაბეჭდილებას. ამიტომაცაა, ამ ბაროკალურად განწყობილ ოსტატებს ისრისებრი ფორმის თაღი ურჩევნიათ ნახევარწრიულს. ასე იქცევა არა მარტო ბეთანიის ავტორი, არამედ ლურჯი მონასტრის, ქვათახევის, ყინწვისის, ფიტარეთისა და სხვ. ავტორებიც. თაღის ისრულ ფორმას ბეთანიის ავტორი იყენებს არა მარტო გუმბათქვეშა კამარებსზე, არამედ გვერდით ნავებთან მაერთიანებელ თაღებზე, სადიაკვნესა და სამკვეთლოს კარებზე და სხვაგანაც.
ოთხივე ფასადიდან უკეთაა შენახული აღმოსავლეთის ფასადი. კარგად თლილი კვადრებით შემოსილ ფასადზე მორთულობა სიმეტრიულადაა განლაგებული. ფასადის საერთო მოხაზულობის შესაფერისად, მორთულობის ელემენტებიც სამკუთხედს იმეორებს. ამ სამკუთხედის ფუძე თუ სადიაკვენსა და სამკვეთლოს სარკმლეს უჭირავთ, წვერი ჯვრის ზემოთ მდებარე წრიულ სარკმელს უკავია. ფასადის ღერძზეა ცენტრალური სარკმელი და მთავრდება იმავე ჯვრის თავზე მდებარე წრიული სარკმლით.
სწორედ ასეთი განლაგების შედეგია მორთულობის სისადავე და სუმსუბუქე. აქ არ არის დეკორის ისეთი მოჭარბება, როგორსაც ვხვდებით XI-XII საუკუნეების ძეგლებში. ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბეთანიის ოსტატი არ გამოდის ეპოქის საერთო ტენდენციებიდან, იგი მთლიანად ექცევა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ფარგლებში.





betaniis monasteri

No comments: