ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია
(ტექსტი და მოხატულობის სქემა აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990, გვ. 146-147)
ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფელ გარიყულას ძველ სასაფლაოზე. ტაძარი ტარიღდება IX-X საუკუნეებით. 1957 წელს ძეგლის სახურავი შეაკეთა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხიქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. სამხრეთ ფასადზე მთელს სიგრძეზე მიშენებულია დაბალი, ცილინდრული კამარით გადახურული ეკვდერი (ძლიერ დაზიანებულია), რომელსაც ერთი სარკმელი ჰქონდა. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები მიეკუთვნება XIII საუკუნის მეორე ნახევარს.
აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის სიბრტყეში მოთავსებულ დიდი ზომის ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი.
ეკლესიის კედლებზე განირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია. ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდილოეთი კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე.
მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. კამარაში, ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე მოხატულობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. შედარებით უკეთესადაა დაცული საკურთხევლისა და დასავლეთ კედლის მოხატულობა.
ეკლესიის მოხატულობაში წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულთა ციკლი; წმინდა გიორგის ცხოვრების ეპიზოდები (5 სცენა: წმინდა გიორგის ურმის თვალს შესვლა, წმინდა გიორგის ფოცხით ხვეტა, სარკინოზის სასწაული, ყრმის ტყვეობიდან დახსნის სასწაული, ლასია ქალაქის მოქცევა) და ქტიტორთა პორტრეტები (ჩრდილოეთ კედლის დასავლეთი მონაკვეთი).
ფავნისის ეკლესიის მოხატულობას არ ახასიათებს მკაცრი არქიტექტონიკური აგება: რამდენადმე შესუსტებულია რეგისტრის ხაზის მაორგანიზებელი მნიშვნელობა, მას ჰკვეთენ ფიგურები, იგრძნობა სცენათა შერწყმის ტენდენცია.
sofeli gariyula
No comments:
Post a Comment