22.7.07

ფიტარეთის მონასტერი
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. თბ.,1990, გვ. 96-113)


ფიტარეთი თბილისის სამხრეთ-დასავლეთით ასიოდე კილომეტრზე მდებარეობს, თეთრი წყაროს რაიონში. მონასტერი დაბლა, მდინარე ქვიის (ხრამის) ღრმა ხეობაში დგას.
ტაძრზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ’’მეფეთა მეფე გიორგი’’. თავდაპირველად მას გიორგი ბრწყინვალესთან (1314-1346) აიგივებდნენ, ხოლო შემდგომ დადგინდა, რომ წარწერაში მოხსენილებული გიორგი, ლაშა-გიორგი (1213-1222) ყოფილა, რომელმაც ასევე ააგო წუღრუღაშენის ტაძარი. წარწერიდანვე ვიგებთ, რომ ღვთისმშობლი სახელობის ეს ტაძარი აუგია გიორგი მეფის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯაფაისძეს. ამ გვარის გაშიფრვასა და წარმომავლობაზე ბარათაშვილთა გენეალოგიასთნა დაკავშირებით, მეტად საინტერესო მოსაზრებები აქვს ს. ჯანაშიას. მისი დასკვნით ’’ამირეჯიბი ქავთარ ქაჯაფაის ძე ქაჩიბაძე - ბარათაშვილების ერთი უშორეულესი, ისტორიაში ცნობილი წინაპართაგანია’’ (ს. ჯანაშია, ბარათაშვილთა გენეალოგიისათვი, ნ. ბარათაშვილი, 1939, გვ. 136,). შემდეგ იქვე ვკითხულობთ, რომ ისინი ’’ბაღვაშ-ორბელთა ნაოხარზე ნელ-ნელა აშენებენ თავიანთ ძლიერებას, ორბელთ-სამშვილდის მებატონეები ხდებიან და ’’საორბელოსაც’’ ’’საბარათიანოდ’’ აქცევენ’’ (იქვე, გვ. 144).

წარწერა ერთ მნიშვნელოვან ცნობასაც გვაძლევს: ’’აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა... არა ვისი ჰრთავს თვინიერ ჩემის ლაშქრისა და ხრმლითა მოგებულისა’’, აქედან ირკვევა, რომ ქავთარს ფიტარეთის ტაძარი რომელირაც ომში ნაშოვნი ფულით აუგია. იმავე გზით ნაშოვნი ფულით ქავთარს უყიდია ტანძია და თევდორწმინდა და ფიტარეთის მონასტრისათვის შეუწირავს.


ფიტარელთა ცხოვრებაზე, მატიანეების მიხედვით ბევრი არაფერი ვიცით. ადგილობრივ არსებული წარწერებით ვიგებთ ზოგიერთ რამეს. მაგალითად, ფიტარეთის წინამძღვრაი იობი 1696 წელს აქ აგებს მარანს (გ. ჩიტაია, ფიტარეთისა და გუდარეხის საფლავის ქვები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, 1927, ტ. 3, გვ. 118). იგი დგას ტაძრის ჩრდილოეთით ქვედა ტერასაზე.




No comments: