29.7.07


ჯვრის ამაღლების ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 318-325)
ტაძარი დგას იმ კლდოვანი მთის წვერზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან საზღრავს შიომღვიმის მონასტერს, თარიღდება XII საუკუნით. ტაძარს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს აგურის ორსართულიანი ნაგებობა. პირველი სართული სამი მხრიდან გახსნილია შეისრული თაღებით, სამხრეთ კედელში კი ეკლესიაში შესასვლელი კარია გაჭრილი. მეორე სართულზე სამრეკლოა მოწყობილი.
დარბაზული ტიპის ეკლესია ნაგებია აგურით. თავდაპირველად ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა, სამხრეთისა და დასავლეთისა, ეს უკანასკნელი მოგვიანო ხანაში ამოუქოლავთ. ტაძარი XIII საუკუნეში მოუხატავთ, თუმცა აფსიდში და სახმრეთის კედელზე უფრო ადრინდელი მოხატულობის კვალიც ჩანს.
საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში 12 მოციქულის ნახევარფიგურებია ( ეს რეგისტრი გადადის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე), მესამე რიგში გამოსახულია ეკლესიის 8 მამა. აღმოსავლეთის სარკმლის ქვემოთ - ხატი მანდილისაი, სარკმელში ორი დიაკვნის ფიგურაა. სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გამოსახულია ახალი აღთქმის სცენები: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა, ამაღლება და სულწმინდის მოფენა. ასევე გვხვდება ცალკეულ წმინდანთა ფიგურები.

No comments: