29.7.07

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია
(ტექსტი და გეგმა აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ. 84-85)

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფელ სკრის სამხრეთით, სკრის ღრმა ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა, ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეკვდერი?) მიუშენებიათ.
შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია, აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. ფასადებზე სარკმლები მოჩარჩოებულია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გვერდით შემორჩენილია წარწერიანი ქვა.
დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის მხატვრობა განადგურებულია. შემორჩენილია მომდევნი ორი რეგისტრი. პირველში გამოსახულია 12 მოციქული ფრონტალურად, მთელი ტანით, მეორეში ეკლესიის მამათა 12 ფიგურა. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სულიწმინდის მოფენის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტებია, ხოლო მის ქვემოთ - 6 წმინდანის ფრონტალური ფიგურა.

დასავლეთი კედლის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია 10 წმინდანის დიდი ფრონტალური ფიგურა, რომლებიც ქვემოდან შემოსაზღვრეულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ძირითადად შემორჩენილია მოწითალო ფერის კონტურები. ფრაგმენტებზე გაირჩევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერი. მხატვრობა სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

2 comments:

AKH said...

გამარჯობა, თავად ხომ არ იცით ზუსტად ან დაახლოებიტ სად მდებარეობს ეს ტაძარი?

ჩიტუციო said...

გაგიმარჯოს.

ეკლესია, როგორც წერია სკრის ხეობაშია (გორის რაიონი), სიღრმეში. ბოლო სოფელში აუცილებლად იკითხეთ დაახლოებითი მიმართულება. გზას რომ გაუყვებით მერეა ერთ ადგილას გადასახვევი ხელმარცხნივ და ეს არ უნდა გამოგრჩეთ. ჩვენ გავცდით ამ ადგილს და 1 საათი ვიარეთ აღმართ–აღმართ ტყუილად, კიდევ გავაგრძელებდით გზას მენახირე რომ არ შეგვხვედროდა.

ასე ახსნა ძალიან რთულია. აუცილებლად უნდა იკითხოთ სოფელში გზა და გზაში კიდევ ვინმე თუ შეგხვდებათ მასაც ჰკითხეთ. გარდა მაგისა, ეს ეკლესია მთლიანად ხეებშია ჩაფლული, ეკლესიის ქვემოთ ყრია საფლავის ძველი ქვები და მანდ უნდა გაჩერდეთ, მანდაა ხეებში ჩაფლული, მარჯვენა მხარეს უნდა ეძებოთ.