20.2.12

* სოფელი ბრეთი *
(ტექსტი აღებულია: სიკძა, ტ.5 (თბილისი, 1990), გვ. 360–361)

სოფელი ბრეთი მდებარეობს ქარელის რაიონში, მდ. აღმოსავლეთი ფრონის მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 9 კილომეტრზე.

ბრეთის ტერიტორია ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა ბრეთის ხევი.

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ–ერთი 13 ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ–საგანმანათლებლო , მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვ.

ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, როგორც საკუთრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურული დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფ. ბრეთი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII სს.) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XV სს–ის მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI სს–ში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა–მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII-XVIII სს–ის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფით ბრეთი ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახორები სარდლობდნენ.

*მამა პიროსის და წმ. გიორგის ეკლესიები*




მამა პიროსისა და წმ. გიორგის ეკლესიები მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნეგებობებში გაირჩევა 2 სამშენებლო ფენა: მამა პიროსის ეკლესია (თავდაპირველად დამოუკიდებელი ნაგებობა – ეგვტერი), რომელიც VI ს–ში აუშენებია იოანე ზედაზნელის მოწაფეს პიროსს (დასაფლავებულია აქვე), და წმ. გიორგის ეკლესია (მთავარი ეკლესია), რომელიც აგებულია VIII-IX სს–ში. მამა პიროსის ეკლესია გადაკეთებულია, დაკავშირებულია წმ. გიორგის ეკლესიასთან და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეკლესიის გარშემო ნასოფლარია, რომელიც თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესიის ირგვლივ ნიადაგი თავდაპირველ დონესთან შედარებით ამაღლებულია დაახლოებით 1 მ–ით. შესასვლელს შიგნით მიდგმული აქვს კიბე, რომლის საფეხურებად გამოყენებულია წარწერიანი საფლავის ქვები. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ნაგებობის ზედა ნაწილები რიყის ქვითა და აგურით ამოუყვანიათ, აღუდგენიათ მინაშენებიც. ამ ხანაშია აგებული სამრეკლოც, რომელიც ნაგებობის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეზეა დაშენებული. ეკლესია შეაკეთეს XIX ს–შიც: გარედან მთლიანად შელესეს, გადახურეს კრამიტით, ბევრგან გადააწყვეს კედლები და ამოაშენეს დანგრეული ნაწილები, კვადრარული აგურით აღადგინეს მინაშენების ლავგარდნები.





წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (14.35x13.2მ). მიუხედავად მრავალგზის გადაკეთებისა, უცვლელია ნაგებობის გეგმა, მასები და ცალკეული ფორმები. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. შიდა სივრცე საკმაოდ ფართოა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს – ღრმა ნიშები. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. შუა საფეხურს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, გვერდის საფეხურებს კი – კედლის დეკორატიული თაღები. ეკლესიას ჩრდილოეთით ეგვტერი (მამა პიროსის ეკლესია), ხოლო სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები ეკვრის.

მამა პიროსის ეკლესია (ეგვტერი) და წმ. გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადი თითქმის ერთნაირი საშენი მასალით არის ნაგები, მაგრამ კედლები გადაუბმელია, წყობა განსხვავებული.


ეგვტერზე ფრონტონის კვალიც შეიმჩნევა. მოგვიანებით ეგვტერის კუთხეები აუმაღლებიათ, შენობა ცალფერდა სახურავით გადაუხურავთ და წმ. გიორგის ეკლესიისათვის დაუკავშირებიათ. ეგვტერის ფასადები რამდენჯერმეა განახლებული. ძველი ნაწილები შემორჩენილია ფრაგმენტების სახით. გადაკეთებულია ნაგებობის ინტერიერიც. კამარა აღდგენილია. უცვლელად არის მოღწეული აფსიდი და კედლის ქვედა ნაწილები. ღრმა, ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. სამხრეთით გაჭრილი ერთადერთი კარი მტავარ ეკლესიაში გადის.

სამხრეთისა დასავლეთის მინაშენები უწყვეტად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და გარშემოსავლელს წარმოადგენს. ორივე გადახურულია კირხსნარით დაბეტონებული ნახევარწრიული კამარით. სამხრეთ მინაშენს ნახევარწრიული აფსიდი აქვს.


გარშემოსავლელის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეზე მოგვიანებით დაუშენებიათ სამრეკლო – აგურით ნაგები ექვსთაღიანი ფანჩატური, რომელსაც საფუძველი მრგვალი აქვს, სახურავი – პირამიდული. ფანჩატურის ყოველი წახნაგი შემკულია დეკორატიული ლილვებით და თაღებით.

No comments: