16.6.11

სამთავისი

(პ. ზაქარაია, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII საუკუნეებში (თბილისი, 1990), გვ. 9–26;საქართველოს კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5 (თბილისი, 1990), გვ. 191–198)


სამთავისის ტაძრის კომპლექსში შედის: გალავანი ( XVII ს–ის II ნახევარი და XVIII ს–ის I მესამედი), მთავარი ეკლესია (1030 წ.), ეპისკოპოსის პალატი (პირველი ფენა თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, მეორე - XVIII საუკუნით), მცირე ეკლესია და სამრეკლო (XVIII საუკუნის I ნახ.).

სამთავისის ტაძარი შუა საუკუნეების ქართული საკულტო არქიტექტურის ქვაკუთხედია. გენიალურმა ხუროთმოძღვარმა შექმნა ლაკონიური კომპოზიციისა და მიმზიდველი ფასადების მქონე ნაგებობა. XI ს. პირველ ნახევარში წარმოშობილი ნაგებობის ეს ტიპი მცირე ცვლილებებით, სხვადასხვა ნიუანსებით შემდგომ საუკუნეებშიც მეორდება.


სამთავისი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 60-იოდე კილომეტრის მანძილზე, ამავე სახელწოდების სოფელში. მოგვიანებით ტაძარი გალავნით შემოუფარგლავთ. გალავანს შესასვლელი ჩრდილოეთით, სამრეკლოს ქვედა სართულიდან აქვს. მეორე ჭიშკარი დასავლეთითაც ყოფილა, შემდგომში ამოუქოლიათ. სამხრეთით, გალავანთან ახლოს, ერთი მცირე ეკლესიის ნანგრევია შემორჩენილი.
სამთავისის პირველ მშენებლად ვახუშტი ბაგრატიონი VI ს. მოღვაწეს - ცამეტ ასურელ მამათაგან ერთს - ისიდორეს ასახელებს. იგი წერს: „... არს რეხულას აღმოსავლეთით სამთავისი, ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდმშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა. ქმნული არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. აქ შეიძლება უზუსტობასთან გვქონდეს საქმე, რადგან ცნობილია, რომ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებას უკვე ესწრებოდა სამთავნელი ეპისკოპოსი. ასურელი მამები კი უფრო გვიან ჩამოვიდნენ.


ეკლესიაში XI საუკუნეზე უადრესი არაფერი ჩანს. თუ ვივარაუდებთ, რომ აქ VI საუკუნეში ეკლესია იდგა, არ არის გამორიცხული მისი ფრაგმენტი დარჩენილი იყოს მიწის ქვეშ.სამწუხაროდ, არც XI საუკუნის ეკლესიას მოუღწევია ჩვენამდე თავდაპირველი სახით. იგი რამდენჯერმე დაზიანებულა და ნაგებობის ნაწილებიც დაკარგულა. მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მას თავისი ტიპისათვის დამახასიათებელი იერი შენარჩუნებული აქვს და დღესაც იმპოზანტურია.
წერილობითი წყაროები მეტად ძუნწ მასალას იძლევა ტაძრის ისტორიაზე. უფრო მეტი შემოუნახავს თვით ეკლესიის კედლებს. წარწერების უმრავლესობა რამდენჯერმეა გამოცემული. წარწერებიდან მარტო ერთია თავის ადგილზე. იგი მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, მაღლა, დეკორაციული ჯვრის მკლავებს შორის.

ეს წარწერა ჯვრის ზედა მარცხენა მხარესაა ამოკვეთილი:

ქ. ღმერთი მის შორის და იგი არ(ა შეიძრას უკუნისამდე)

გაგრძელება მარჯვნივ ექნებოდა, მაგრამ აღარ შერჩენილა. იგი ყოფილა დ. მეღვინეთუხუცესის გადმონაწერში, რომელიც ბროსესაც უნახავს 1848 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს. წაკითხულს იმეორებს თ. ჟორდანიაც (ეს ნაკლული ტექსტი ჩვენ ზემოთ ფრჩხილებში მოვათავსეთ). იგი ლოცვა უფროა და შესავალივით უძღვის ქვემოთ მოთავსებულ საქმიან წარწერას :

ქ. ხატო ღმრთაებისაო შეიწყალე სული ილარიონისა ძისა ვაჩე ყანჩაელისი.


შემორჩენილია იმავე ილარიონ სამთავნელის კიდევ ორი წარწერა. ერთი მათგანი ცალკე ქვაზე უპოვია ეზოში თ. ჟორდანიას, რომელიც ამჟამად მოთავსებულია დასავლეთის ფასადზე, კარის ზემოთ.

...ილარიონ სამთავნელ ებისკოპოსმან აღაშენა ტაძარი ესე დასაბამითგან ქვეყნისა წელთა ხქლდ (6634–5604=1030 წ.) ქორონიკონსა სნ (250+780=1030 წ.)


წარწერა ახლა ძლიერაა დაზიანებული. ქვა ნაწილობრივ მოტეხილია (ზემო მხარე). როგორც ჩანს, იგი ძეგლის რესტავრაციის დროს ჩასვეს ამ კედელში.
წარწერის შინაარსი მეტად საინტერესოა. ირკვევა, რომ ეს ტაძარი 1030 წელს ილარიონ სამთავნელს აუგია.

როგორც ჩანს, ილარიონი დიდად ენერგიული ადამიანი ყოფილა. მას აუგია კიდევ სხვა ნაგებობა სამთავისის ეზოში. ამის შესახებ მოგვითხრობს ამჟამად დასავლეთის კედელში ცალკე ქვაზე, კარის ზემოთ, მარჯვნივ მოთავსებული წარწერა:

ხატო ღვთაებისაო, ადიდე გლახაკი ილარიონ სამთავნელ ებისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაელისა, რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა. ქორონიკონსა სო (270+780=1050 წ.).

როგორც ვხედავთ, ილარიონი იქვე აშენებს 1050 წ. მარანსა და საწნახელს.
ბროსეს გამოცემული აქვს კიდევ ერთი უცნობი წარწერა. იგი მოთავსებული ყოფილა სამხრეთის კარიბჭის შიგნით, პილასტრზე; როგორც ეტყობა, XIX საუკუნის რესტავრაციის დროს გადათალეს. ამჟამად მხოლოდ მისი კვალი ჩანს აქა-იქ. წარწერა მაშინაც ძალიან ყოფილა დაზიანებული და ბროსეს სიბნელეში კარგად ვერ გაურჩევია. ჩვენ ამ წარწერის შემოწმების საშუალება აღარა გვაქვს. იგი 1056 წ. ყოფილა შესრულებული:

აქა მიიყვარა ........ მამა თევდორესი ძისა იოანე ყანჩაელისა რომელმან აღაშენა წმიდა ეკლესია ესე .... ნაშრომში ხელთა მისთანი და უფლისა ..... ვაკურთხოთ ქკნი იყო სოვ.



ჩვენამდე მოღწეული სხვა წარწერები მოგვითხრობენ უკვე არა თავდაპირველ მშენებლობაზე, არამედ დამატებებსა და რესტავრაციებზე. ამათგან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დასავლეთის აღდგენილ კედელში, მარცხენა სარკმლის ქვემოთ მესამე რიგში ჩაყოლებული წარწერიანი ქვა. წარწერის ზოგიერთი ადგილი საკმაოდ დაზიანებულია. წარწერა ქარაგმების გახსნით ასე იკითხება:

ქ. ხატო ღმრთაებისაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული ძლიერი და უძლეველი, ღვთივ გჳრგჳნოსანი ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ მეფე გიორგი. მე იოანე სამთაჳნელმან მეფობისა მათისაგან აღვაშენე კარიბჭე ესე სალოცველად მეფობისა მათისა ინდიქტიონსა მეფობისა მათისა იბ ქორონიკონი იყო ტპჱ.


წარწერა მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის. უპირველეს ყოვლისა, ვგებულობთ, რომ ტაძრისათვის 1168 წელს კარიბჭე მიუშენებია იოანე სამთავნელ ეპისკოპოსს. ეს წელი კი მეფეთ მეფე გიორგის მეფობის მე-12 წელი ყოფილა (ცნობილია, რომ გიორგი III ტახტზე ავიდა 1156 წელს). სამწუხაროდ, ამ კარიბჭეს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი გადარჩენილი ფრაგმენტები გასული საუკუნის შუა წლებში უვიცმა რესტავრატორებმა მოშალეს.
თუ რა ცვლილებები განიცადა სამთავისის ანსამბლმა მომდევნო საუკუნეებში ცნობილი არ არის. წარწერები მხოლოდ XV საუკუნის შეკეთებას გვამცნობენ ორ ფილაზე. ერთ–ერთი წარწერა მოთავსებულია ტაძრის დასავლეთ კედელზე სარკმლის ზემოთ, ორ ფილაზე:

ჰოი დიდისა ამილახორისა თანამეცხედრესა მეფეთ მეფისა ასულსა, მეორედ აღმშენებელსა გაიანეს შეუნდვნეს ღმრთმან, ამინ.

ს. ბარნაველის აზრით, წარწერა შესრულებული უნდა იყოს XV ს. 70-იან წლებში. ავტორი ამ დასკვნამდე მიდის ისტორიული წყაროების შეჯერების შედეგად და ეთანხმება პ. კარბელაშვილს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სამთავისის ტაძრის აღდგენა მოხდა 1477 წლის მომდევნო პერიოდში, ხოლო რაც შეეხება გაიანეს, იგი უნდა იყოს იმარინდო (ამირინდო) ამილახვრის მეუღლე.

იმავე დასავლეთის ფასადზე, მარცხენა სარკმლის ქვემოთ, მოთავსებულია კიდევ ერთი დაუდევრად შესრულებული წარწერა:

წ. ხატო ღმრთაებისაო, მეოხ ექმენ მეორედა აღმშენებლისა შვილისა სიაოშიკა, ამინ, უფალო ღმერთო.

ს. ბარნაველის აზრით ეს წარწერა შესრულებულია XV საუკუნის ბოლოს ან მომდევნო საუკუნის დასაწყისში.
მომდევნო პერიოდში ტაძრის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება ისტორიულ წყაროებში, მაშინ, როდესაც მას უდიდესი ცვლილებები განუცდია, ჩამონგრეულა გუმბათი და თან ჩაუტანია დასავლეთის მხარის დიდი ნაწილი. ყველაფერი ეს აღუდგენიათ, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივად ხდებოდა ხოლმე - არა პირვანდელი სახით. ასეა თუ ისე, ეს დიდი სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მისი ანარეკლი წერილობით წყაროებში არ ჩანს.
არის ერთი არაპირდაპირი ცნობა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი მოშლილი ყოფილა. ა. ხახანაშვილს, სამთავისის სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად, გამოცემული აქვს ერთი დიდი ზომის ხატის ვრცელი წარწერა, სადაც დამკვეთები, იოთამ ამილახვრის შვილი დემეტრე და მისი მეუღლე თამარი ჰყვებიან:

ოდეს ვიხილეთ ტაძარი თქვენი ჟამთავითარებისაგან უფროსი ხატი მოშლილიყო და ტაძარსა თქვენსა აღარ ესვენა... მოვაჭედინეთ და შევამკევით ხატი ესე... და დავასვენეთ ტაძარსა და სოფელსა თქვენსა...

წარწერა შესრულებულია 1670 წელს. როგორც ჩანს, ამ წელს ტაძარი უკვე მოქმედებს, მაგრამ ახლო წარსულში საყდარი გამოსული ყოფილა მწყობრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ამ ხანაში ეკლესიის გუმბათიც უკვე აღდგენილი იყო.
ამ აზრს ადასტურებს აგრეთვე იმ წარწერის შინაარსი, რომელიც მოთავსებულია ეკლესიის შიგნით კედელზე. საკურთხევლის სამხრეთის კუთხის შიდა პირზე, ფრესკული მხატვრობის სპეციალურად შემოსაზღვრულ ფონზე წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნით და ნაკლული ადგილების აღდგენით შეიძლება ასე წავიკითხოთ:

დაიხატა წმინდა საკურთხეველსა ამას ბრძანებითა გივი ამილახორისითა. ღმერთმან შეუნდვეს, ამინ.


მოპირდაპირე ჩრდილოეთის სვეტზე, არსებული წარწერა უფრო დაზიანებულია. ქარაგმების გახსნით და ნაკლული ადგილების სავარაუდოდ შევსების შემდეგ შესაძლოა წარწერა ასე წავიკითხოთ:

დაიხატა წმინდა საკურთხეველისა ამას ჴელითა სამთავნელ (ეპისკოპოზ) მელიტონ, შეუნდვნეს ღმერთმან. (ქორონიკონსა) ტჲზ. თვესა ოქტომბერსა.


ქორონიკონის მიხედვით წარწერა შესრულებულია 1679 წელს, ოქტომბრის თვეში. იქვე ვიგებთ, რომ ეკლესია მოხატულია „ ჴელითა სამთავნელ“ ეპისკოპოსის მელიტონის მიერ. ორივე წარწერით ირკვევა, რომ ტაძარი მოუხატიათ 1679 წელს, გივი ამილახვრის სახსრებითა და სამთავნელი ეპისკოპოსის ხელით.

ეს ფაქტი საინტერესოა იმის დასადგენადაც, თუ რამ განაპირობა ტაძრის ასე ერთიანად მოხატვა. როგორც ზემოთაც ვწერდით, ასეთი დიდი სამუშაოების ჩატარება საჭირო გამხდარა იმის გამო, რომ ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ნაწილი დანგრეული იყო. არქიტექტურული ნაგებობის აღდგენა კი, თავისთავად, მოითხოვდა შიდა მოხატულობის აღდგენას.


სამთავისის ტაძარი, მიუხედავად შესამჩნევი გადაკეთებებისა, მაინც ერთიანია და ბრწყინვალე. აღტაცებას იწვევს როგორც გარე ხედი, ისე ინტერიერი. მართალია, თვალს ხვდება შეკეთების შედეგად წარმოქმნილი შეუსაბამოებანი, მაგრამ ეს საერთო შთაბეჭდილებას არ ანელებს.


როდესაც სამთავისის ტაძარს ახსენებენ, მაშინვე მისი აღმოსავლეთის ფასადი, ქართული ხელოვნების ისტორიის ეს ბრწყინვალე ფურცელი წარმოგიდგებათ. ფასადის შუა ნაწილი აწეულია და ორფერდა სახურავითაა გადახურული, გვერდითი დაბალი ნაწილები კი ცალფერდაა. ამ მარტივი მოხაზულობის ფასადის მორთულობა მთლიანად ძლიერი ხაზებითაა შესრულებული. აქ, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, საოცარი ჰარმონია სუფევს. ფასადის ძირითად აქცენტს სხვადასხვა ზომის ხუთი თაღი წარმოადგენს. ცენტრალურ განიერ თაღს, მაღლა, გვერდებზე, განშტოება აქვს თითო მცირე თაღის სახით. მათ ქვემოთ, ლილვებით შემოფარგლულ წრეში, ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ქვედა რიგი შიდა მაღალი და ვიწრო თაღები ფაქტიურად ღრმა ნიშებს შემოფარგლავს. აღნიშნულ თაღებთან ერთად, ფასადზე მთავარს, ღერძზე მოთავსებული კომპოზიცია წარმოადგენს. იგი შედგება ზედა არეში განლაგებული დიდი ჯვრის, მის ქვემოთ დატანებული სარკმლის მოჩარჩოებისა და შეწყვილებული რომბებისაგან.

თითო მორთული სარკმელი მოთავსებულია განაპირა თაღებში. მათი ჩუქურთმიანი არშია, მთავარი სარკმლის მოჩარჩოებისაგან განსხვავებით, ოდნავ სცილდება კედლის ზედაპირს. ნიშების შიგნითაც თითო სარკმელია - საკურთხევლის გასანათებლად განკუთვნილი, ამ სარკმლებს მაღალი რელიეფის მქონე ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. ზემო განაპირა არეებზე წერტილებივით დასმული თითო სარკმელია. აღწერილის გარდა, კიდევ ერთი საინტერესო დეტალია მარჯვენა განაპირა თაღის არეში. აქ მოთავსებულია დიდი ზომის ფასკუნჯის ჰორელიეფი.

იგი პირით ცენტრისკენაა მიმართული. თავდაპირველად ფასკუნჯის მეორე გამოსახულებაც ყოფილა, მაგრამ გამოფიტვის გამო ქვები გამოუცვლიათ ასიოდე წლის წინათ, შეკეთების დროს. ქტიტორის წარწერაც ფასადის მორთულობის საერთო ჩანაფიქრს ემორჩილება. მაღლა, ჯვრის მკლავის ოთხივე მონაკვეთში, ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებული ვრცელი წარწერაა განლაგებული (შეკეთების დროს მარჯვენა ზედა მკლავში მდებარე გამოფიტული წარწერიანი ქვა შეუცვლიათ ახლით. დანარჩენი წარწერები ადგილზეა).

აღმოსავლეთის ფასადის მორთულობაში გამოყენებული ყოფილა წითელი საღებავი, რაც მშენებელ - ხუროთმოძღვარს ძირითადად ფონის გასაძლიერებლად, ზოგან კი ჩრდილოვანი ხაზების გასაშუქებლად უხმარია. ამჟამად საღებავი შეიმჩნევა რომბის ორნამენტული კოპის გვერდებზე, ნიშების ფესტონებზე და სხვ.
თუმცა სამხრეთის ფასადის მწყობრი სახე დარღვეულია კარიბჭის მოშლით, პომპეზურობა მაინც შერჩენილი აქვს. მთელი ფასადი უწყვეტი თაღედითაა დამუშავებული. ცენტრალური ნაწილი სამი თაღისაგან შედგება, რომელთაგანაც შუა გვერდითებზე მაღალია. წვრილი ლილვებით შემოფარგლული სამი თაღოვანი სიბრტყე ისეთ პროპორციებს შეიცავს, რომ ეს ისედაც ატყორცნილი მონაკვეთი უფრო მაღალი ჩანს. ფასადის გვერდითა მონაკვეთებზეც სამთაღოვანი არეებია, მაგრამ მათი გადაწყვეტაც განსხვავებულია. თუ მარჯვენა მხარე თანაბარ არეებადაა დაყოფილი, მარცხენაში - თაღების სიგანე და სიმაღლე მარჯვნიდან მარცხნივ კლებულობს. ასეთი გადაწყვეტა, ალბათ, ნაკარნახევია კარისა და კარიბჭის მდებარეობით.


ამ ფასადზე ოდესღაც არსებული კარიბჭის ნაშთი გასული საუკუნის შუა წლებში არქიტექტორ რიპარდის დაუნგრევია. კარიბჭის მხოლოდ ის ნაწილი შემორჩენილა, რომელიც უშუალოდ ტაძრის კედელთან იყო კონსტრუქციულად დაკავშირებული.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ტაძრის თავდაპირველი გუმბათის ყელი დაინგრა, ხოლო არსებული დადგმულია XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე. მასში არც ერთი ძველი ფრაგმენტი არ არის ჩატანებული. არსებული გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. თითოეულ მათგანში დატანებულია სარკმელი, მაგრამ ყველა მათგანი მართლა სარკმელი როდია, შვიდი - ნამდვილია, ხოლო ხუთი - ცრუ. სარკმელთა მორთულობა იმდენად ერთნაირია, რომ ერთი შეხედვით განსხვავება მათ შორის არც იგრძნობა; თვალი ძნელად არჩევს ფანჯრის ვიწრო ღრუს სიცარიელეს.


როგორც ზემოთ აღინიშნა, 1679 წელს მოხდა ტაძრის ინტერიერის მოხატვა. მოხატულობა რესტავრირებულია 1964 წელს.

საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია, საკურთხევლის ბემის ორსაფეხურიან თაღში - ძუელი დღეთაი, ქერუბინები, საყდარნი და მთავარანგელოზთა წელზედა ფიგურები. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. მესამე რეგისტრში, ცენტრალური სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ. დიონისე არეოპაგელი, იაკობ ძმა უფლისა, იუდა იაკობისი, წმინდა გრიგოლ პტელია, წმ. ლაზარე, წმ. ლავრენტი; სარკმლის სამხრეთით - წმ. იორეტეოსი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ანანია მოციქული, წმინდა სვიმონ ძმა უფლისა, წმ. ხურსიმე მოციქული, სტეფანე პირველმოწამე. მეოთხე რეგისტრში, კილისებრ თაღებში გამოსახულია მღვდელთმთავრები, საკურთხევლის ნიშში - წმინდა მსხვერპლი. საკურთხევლის სარკმლების წირთხლები დათმობილი აქვს მთავარანგელოზთა ფიგურებს. მხატვრობა დასრულებული იყო ორნამენტის ზოლით (მარმარილოს იმიტაცია). აღმოსავლეთის გუმბათქვეშა ბურჯებზე წინასწარმეტყველებია გამოსახული, რომელთაც ახლავს ქართული (ასომთავრული), ბერძნული და არაბული წარწერები. ტაძრის გუმბათში ერთმანეთისგან მცენარეული ორნამენტით გამოყოფილი მოხატულობის სამი რეგისტრია. პირველ რეგისტრში, გუმბათის სფეროში ქრისტე ყოვლისმპყრობელია გამოსახული. მის ირგვლივ მედალიონებში ჩასმულია მახარებელთა სიმბოლოები და ექვსფრთედები. მეორე რეგისტრში, სარკმლებს შორის, გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ღმრთისმშობელი ყრმით ხელში. მის გარშემო, სარკმლებს შორის არეებზე, წინასწარმეტყველთა ორ-ორი ფიგურაა. წმინდანთა გამოსახულებებს თან ახლავს ქართული და ბერძნული წარწერები. გუმბათის ყელში სარკმლების წირთხლები მცენარეული ორნამენტითაა შემკული. სარკმლების ქვემოთ, მესამე რეგისტრში, გამოსახულია მთავარანგელოზები მუხლზევით. მათ ხელში სფეროები უჭირავთ.




No comments: