ქვახვრელი
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.
ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.
სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.