22.5.11

ახატანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
(საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბილისი, 2004, გვ. 221–222)


ახატანის ნათლისმცემლის ეკლესია (დუშეთის რაიონი) მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 2–2,5 კმ–ზე, ტყეში. ერთმანეთისგან 2მ.–ის მანძილზე. მათგან ჩრდილოეთით მდგარი, უფრო ადრინდელი და შედარებით უკეთ შემორჩენილი ნათლისმცემლის ეკლესია, გავითარებული შუა საუკუნეებს განეკუთვნება. მეორე მომდევნო ხანებში, გვიანდელ შუა საუკუნეებშია აგებული.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული 910,7Ч6მ.0. ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, საბჯენი თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით. ჩრდილოეთი შესასვლელის წინ ორდერდასახურავიანი, შიგნიდან ნახევარწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთით აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია. აფსიდს თითქმის მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს, რომლის შუაში – სარკმლის ქვემოთ – გამოყოფილია წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. ნავის გრძივი კედლები და ცილინდრული ფორმის კამარა, ერთსაფეხურიანი ორი წყვილი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. თითო საბჯენი თაღია კამარის ორივე კიდეში, რომლებიც კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთი კედლის ღერძზე.
შელესილი და მოხატული ინტერიერის ფერადოვანი შრე კამარის ჩამოქცევის გამო გადარეცხილია. მოხატულობა ეკლესიის თანადროულია.
საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება (განვითარებული რედაქცია), ქვემოთ – ეკლესიის მამები (ათი ფრონტალური ფიგურა), სარკმლის წირთხლებზე – ორი დიაკვანი. ნავის სამხრეთ კედელზე მხატვრობის სამი რეგისტრია შემორჩენილი. ზედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა გამოსახული, მის ქვემოთ – მთელი ტანით მოცემულია ორი წმ. მეომარი. ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე ქტიტორის გამოსახულებაა.

მას საერო ტანსაცმელი აცვია და ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. კომპოზიცია, რომელიც სამხრეთი კედლის დასავლეთ პილასტრზეა გამოსახული, არ გაირჩევა. სარკმლის წირთხლზე კი ჩვილი მაცხოვარია ბარძიმში. დასავლეთი კედლის მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად. ზემოთ გამოსახულია დიდი ზომის სცენა – იერუსალიმში შესვლა. ქვედა რეგისტრი ცალკეულ გამოსახულებებსა და ერთ სცენას შეიცავს. კედლის სამხრეთ კიდესთან ქალის ფიგურაა მონაზვნის ტანსაცმელში, რომელსაც ცის სეგმენტში, წელზევით მოცემული ღმრთისმშობლისკენ აღუპყრია ორივე ხელი.
მას, ისევე როგორც ქტიტორს, შარავანდი არ გააჩნია. მის გვერდით, შედარებით მცირე ზომის ორი წმინდა დედაა გამოსახული, ხოლო კედლის ჩრდილოეთ ნაწილში – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნაა გამოსახული. ამავე კედლის სარკმლის წირთხლებზე წარმოდგენილია მარიამ ეგვიპტელის ზიარება. აქვე შემორჩენილია ერთადერთი ასომთავრული წარწერა – ‘’წ–აი ზოსიმენ’’.
ნავის ჩრდილოეთ კედელზე ნალესობის უმეტესი ნაწილი ჩამოცვენილია, შემორჩენილია ორი წმ. მეომრის გამოსახულება ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში და წმინდანის ფიგურა – ამავე რეგისტრის დასავლეთ ნაწილში. მხატვრობაში გამოყენებულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტი, რომელიც აფსიდის მხრებსა და პილასტრების გვერდებს ამკობს. ორნამენტული ზოლი ქვედა ნაწილშიც გასდევს მთელ მოხატულობას. კოლორიტი ნათელია, სუფთა. გაბატონებული ფერებია ლაჟვარდოვანი ცისფერი, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო–აგურისფერი, მოწითალო ყავისფერი, წითელი 9ამჟამად ჩაშავებულია0. ნახატი მოქნილია, დინამიკური.

ფასადები სხვადასხვა ფორმისა და ზომის სრულიად დაუმუშავებელი ქვიშაქვითაა ნაწყობი, რომელშიც ჩართულია თანაბარი მანძილებით დაცილებული აგურის თითო რიგიანი შრეები. ქვებს შორის დარჩენილი არეები აგურითაა შევსებული, რომელიც ზოგან შვეულად, ხოლო ზოგან თარაზულადაა განლაგებული. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი აგურის კომბინირებული წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია დასავლეთის ფასადის ფრონტონზე. ფასადები საფეხუროვანი ლავგარდნითაა დასრულებული.

No comments: