29.7.07


ჯვრის ამაღლების ეკლესია
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 318-325)
ტაძარი დგას იმ კლდოვანი მთის წვერზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან საზღრავს შიომღვიმის მონასტერს, თარიღდება XII საუკუნით. ტაძარს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს აგურის ორსართულიანი ნაგებობა. პირველი სართული სამი მხრიდან გახსნილია შეისრული თაღებით, სამხრეთ კედელში კი ეკლესიაში შესასვლელი კარია გაჭრილი. მეორე სართულზე სამრეკლოა მოწყობილი.
დარბაზული ტიპის ეკლესია ნაგებია აგურით. თავდაპირველად ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა, სამხრეთისა და დასავლეთისა, ეს უკანასკნელი მოგვიანო ხანაში ამოუქოლავთ. ტაძარი XIII საუკუნეში მოუხატავთ, თუმცა აფსიდში და სახმრეთის კედელზე უფრო ადრინდელი მოხატულობის კვალიც ჩანს.
საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში 12 მოციქულის ნახევარფიგურებია ( ეს რეგისტრი გადადის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე), მესამე რიგში გამოსახულია ეკლესიის 8 მამა. აღმოსავლეთის სარკმლის ქვემოთ - ხატი მანდილისაი, სარკმელში ორი დიაკვნის ფიგურაა. სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გამოსახულია ახალი აღთქმის სცენები: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა, ამაღლება და სულწმინდის მოფენა. ასევე გვხვდება ცალკეულ წმინდანთა ფიგურები.

magalaant eklesia



magalaant eklesia
მაღალაანთ ეკლესია

მაღალაანთ ეკლესია კასპის რაიონში მდებარეობს. ის კავთურას ხეობაშია აღმართული, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ წინარეხიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთისაკენ. ამჟამად იგი გალავნითა და გვიანი ფეოდალური ხანის შენობებითაა შემორტყმული.
დღევანდელი სახელწოდება მ ა ღ ა ლ ა ა ნ თ ე კ ლ ე ს ი ა გვიანი წარმოშობისაა. იგი უკავშირდება თვით შენობებისა და მათი მიმდებარე მიწა-წყლის მფლობელთა გვარს - მაღალაძეს (მაღალაშვილს). წინათ ძეგლი სხვაგვარადაც ყოფილა ცნობილი: საბუთებში იგი ბ ე თ ლ ე მ ი ს ღ ვ თ ი ს მ შ ო ბ ლ ი ს და აგრეთვე ქ ა დ ა გ ი ს ან ს ა ქ ა დ ა გ ო მონასტრად იხსენიება.
ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია
(ტექსტი და გეგმა აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ. 84-85)

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფელ სკრის სამხრეთით, სკრის ღრმა ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა, ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეკვდერი?) მიუშენებიათ.
შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია, აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. ფასადებზე სარკმლები მოჩარჩოებულია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გვერდით შემორჩენილია წარწერიანი ქვა.
დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის მხატვრობა განადგურებულია. შემორჩენილია მომდევნი ორი რეგისტრი. პირველში გამოსახულია 12 მოციქული ფრონტალურად, მთელი ტანით, მეორეში ეკლესიის მამათა 12 ფიგურა. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სულიწმინდის მოფენის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტებია, ხოლო მის ქვემოთ - 6 წმინდანის ფრონტალური ფიგურა.

დასავლეთი კედლის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია 10 წმინდანის დიდი ფრონტალური ფიგურა, რომლებიც ქვემოდან შემოსაზღვრეულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ძირითადად შემორჩენილია მოწითალო ფერის კონტურები. ფრაგმენტებზე გაირჩევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერი. მხატვრობა სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.