22.5.11

ახატანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
(საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბილისი, 2004, გვ. 221–222)


ახატანის ნათლისმცემლის ეკლესია (დუშეთის რაიონი) მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 2–2,5 კმ–ზე, ტყეში. ერთმანეთისგან 2მ.–ის მანძილზე. მათგან ჩრდილოეთით მდგარი, უფრო ადრინდელი და შედარებით უკეთ შემორჩენილი ნათლისმცემლის ეკლესია, გავითარებული შუა საუკუნეებს განეკუთვნება. მეორე მომდევნო ხანებში, გვიანდელ შუა საუკუნეებშია აგებული.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული 910,7Ч6მ.0. ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, საბჯენი თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით. ჩრდილოეთი შესასვლელის წინ ორდერდასახურავიანი, შიგნიდან ნახევარწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთით აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია. აფსიდს თითქმის მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს, რომლის შუაში – სარკმლის ქვემოთ – გამოყოფილია წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. ნავის გრძივი კედლები და ცილინდრული ფორმის კამარა, ერთსაფეხურიანი ორი წყვილი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. თითო საბჯენი თაღია კამარის ორივე კიდეში, რომლებიც კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთი კედლის ღერძზე.
შელესილი და მოხატული ინტერიერის ფერადოვანი შრე კამარის ჩამოქცევის გამო გადარეცხილია. მოხატულობა ეკლესიის თანადროულია.
საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება (განვითარებული რედაქცია), ქვემოთ – ეკლესიის მამები (ათი ფრონტალური ფიგურა), სარკმლის წირთხლებზე – ორი დიაკვანი. ნავის სამხრეთ კედელზე მხატვრობის სამი რეგისტრია შემორჩენილი. ზედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა გამოსახული, მის ქვემოთ – მთელი ტანით მოცემულია ორი წმ. მეომარი. ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე ქტიტორის გამოსახულებაა.

9.5.11

საყავრეს წმინდა გიორგის ეკლესია

( საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 82–83)


საყავრეს (გორის რაიონი) წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში, საშუალო სკოლის მახლობლად. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა.

საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე - თითო პილასტრი. დასავლეთ კედელზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც შუაში ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის კედლებს გასდევს ერთი საფეხური.