(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 110–111)
ტაძარი დგას სოფელ ფიცესის (გორის რაიონი) სამხრეთ გარეუბანში, მდ. თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით გარეუბანში, მდინარის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. 1962 წელს სპეციალურმა სამეცნიერო–სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და შეაკეთა ფასადები [ტაძარი ამჟამად ძლიერაა დაზიანებული]. ტაძარი აგებულია 1152 წელს.
ეკლესია დარბაზულია (17 X 12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკვეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს.
შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემოჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთესადაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მოხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი.